პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი დარჩება ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში, ოლიმპიურმა თამაშებმა ფართო აუდიტორის გააცნო და შეაყვარა ახალი სახეები, რომელთა შესახებ, შესაძლოა, აქამდე ნაკლები იცოდნენ. მათ შორის არის თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ.). არასოდეს დაავიწყდება ქართველ გულშემატკივარს ფინალამდე წარმატებული შეხვედრები, ფინალში დასანანი მარცხი და გივი მაჭარაშვილის ბოდიში ქართველ ხალხს. სამშობლოში დაბრუნებული გივისთვის ქართველი ხალხის სიყვარული და სითბო, რასაც მის მიმართ გამოხატავენ, რეაბილიტაციისა და მოტივაციის მთავარ წყაროდ იქცა, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი პარიზულ ამბებს
-სთან ინტერვიუში იხსენებს:
- ოლიმპიადიდან მედლით დაბრუნების შემდეგ, გულშემატკივრები გხვდებიან და გილოცავენ...რა გრძნობა ეს?
- სიმართლე გითხრათ, საზოგადოების ასეთ დამოკიდებულებას არ ველოდი. ოლიმპიადიდან ძალიან დათრგუნული ჩამოვედი წაგებული ფინალის გამო, ხალხის ასეთმა სითბომ ძალიან გამაკვირვა და მდგომარეობიდან გამომიყვანა. ძალიან სასიამოვნოა და მიხარია, რომ ჩემი ხალხი გვერდზე ასე დამიდგა და მოტივაცია მომცა. მადლობა ყველას ამ დადებითი ემოციებისა და გულშემატკივრობისთვის.
- ოლიმპიადის დაწყებამდე ჩვენ ჩავწერეთ ინტერვიუ და მაშინ,Lagazzetta.ge-სთან განაცხადე, რომ იყო პერიოდი, როცა ჭიდაობისთვის პრაქტიკულად თავი გქონდა დანებებული და მერე დაბრუნდი, რას ეტყვი იმ პერიოდის გივის ამ გადმოსახედიდან?
- ძველ გივის ვეტყოდი, რომ ძალიან ცუდ რაღაცას აკეთებდა, ყველანაირი სირთულე ადამიანმა უნდა გადალახოს, მყარი ნერვებითა და სიმშვიდით უნდა შეხვდეს, თუ სურს რაღაც დიდი გააკეთოს. მე არ ვფიქრობ, რომ ოლიმპიური ვერცხლის მედლის მოპოვებით რაღაც გრანდიოზული გავაკეთე, თუმცა ოლიმპიური მედალი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან გამიხარდებოდა ჩვენი სამშობლოს დროშა ყველაზე მაღლა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ჰიმნის ფონზე, დროშა შემომეტარებინა ხალიჩაზე, ეს ყველა სპორტსმენის ოცნებაა, მათ შორის ჩემიც, რა თქმა უნდა. გივის ვეტყვი რომ ბავშვობაში რაზეც ოცნებობდა 80% გამოუვიდა და დარჩენილ 20%-საც შეძლებს.
- ძალიან განიცადე წაგებული ფინალი, 11 აგვისტოდან 11 დღე გავიდა, შედარებით გააცნობიერე, რომ ვერცხლის მედალი ოლიმპიურ თამშებზე დიდი მიღწევაა?

- ყველა მედალი დიდი მიღწევაა ოლიმპიადაზე. როცა შეფასება გავაკეთე და ვუყურებდი, მსოფლიოს ჩემპიონი, ტიტულიანი სპორტსმენები მედლის გარეშე მიდიოდნენ, მერე დავაფასე ჩემი მედალიც და მდგომარეობაც. უბრალოდ სხვა განწყობით მივდიოდი, შეჯიბრზეც ისეთი განწყობა მქონდა რომ ვერ წარმომედგინა ვინმესთან წაგება, მაღალი მიზნისკენ მივიწევდი და ჩემმა შეცდომამ საკუთარ თავზე გამაბრაზა, ჩემმა სიჩქარემ გეგმები გადამიწია.
- პირველ დღეს ვანახეთ რომ დამაჯერებლად იგებდი, ფინალი იმავე დღეს რომ ყოფილიყო ფიქრობ შენთვის უკეთესი იქნებოდა?
- არაფერს გამოვრიცხავ, არ არის გამორიცხული უკეთესი ყოფილიყო. მეორე დილით წონები იყო ჩასაბარებელი, 4 კილო მქონდა დასაკლები, მთელი საღამო საუნაში ვიყავი, დილით შეჯიბრი გადმოწიეს, რადგან ოლიმპიადის დასკვნითი დღე იყო და ფინალები საღამოს ნაცვლად დილიდანვე დაიწყო. აღდგენაც ვერ მოვასწარი, მხოლოდ წყალი დავლიე, თუმცა მე მიზეზებს არ ვეძებ, ასეთი მოცემულობა იყო. რადგან მე წონის მკლებელი ვარ, ეს დრო ჩემთვის მნიშვნელოვანია.
- ნახევარფინალიდან ფინალამდე არასრული 1 დღე იყო, ამ პერიოდში როგორ ცდილობდი მოტივაციის შექმნას?

- მთელი ეს პერიოდი წონაზე ვფიქრობდი, შეჯიბრის შესაფასებლად დროც არ მქონია, მთავარი იყო მეორე დილით წონის ჩაბარება, თან წინა დღეებში ვნახე ფინალში გასული გოგო წონის გამო როგორ მოხსნეს შეჯიბრიდან და ემოციურად წონაზე ვიყავი გადართული. ორდღიანი აწონები რთულია, დილით ვიწონებით და საათნახევარში შეჯიბრს ვიწყებთ, ეს ორდღიანი სისტემა იმიტომ დანერგეს რომ სპორტსმენმა წონა არ დაიკლოს, თუმცა სპორტია და ყველას აქვს ეს პრობლემა. სჯობს წინა დღეს იყოს აწონა და მეორე დღეს სრულად დასრულდეს შეჯიბრი, იმიტომ რომ ამ პირობებში შესაძლებლობების 50%-ც ვერ მიგაქვს შეჯიბრამდე.
- გენო პეტრიაშვილის გამემარჯვება შენთვის დამატებითი მოტივაცია იყო?
- კი რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, ჭიდაობაში ოლიმპიადა როგორც გვინდოდა ისე ვერ დავიწყეთ, გენოს ფინალში გასვლამაც დიდი მოტივაცია მომცა და გამარჯვება კიდევ დამატებითი ძალა იყო. ისედაც, გენო ჩვენი გუნდის ლიდერი და კაპიტანია, მისაბაძი ადამიანია, არამარტო ტურნირზე, არამედ ვარჯიშზე, შეკრებაზე და საერთოდ ყველაფერში.
- მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე, მურაზი მჭედლიძეს შეხვდი, ის რომ ქართველია დამატებითი სირთულეა?
- კი, მურაზი ძალიან კარგი ბიჭია, ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს, ხშირად ჩამოდის საქართველოში, აქ ემზადება. ხშირად გვიწევს ხალიჩაზე შეხვედრაც, - 23 წლამდელებიდან დაწყებული. ძლიერი სპორტსმენია, თან ქართული ხასიათი რომ აქვს დაძაბული ხარ, რადგან იცი შეიძლება სადღაც აფეთქდეს და ვცდილობდი მალე დამესრულებინა შეხვედრა. ვიცი ქართველია და ბევრი შესაძლებლობა აქვს, თანაც ძლიერი თურქი მოჭიდავე დაამარცხა ოლიმპიადაზე.
- ფინალური მეტოქე, ბაჰრეინის წარმომადგენელი, ახმედ ტაჟუდინოვი მსოფლიოს ჩემპიონი და აზიის სამგზის ჩემპიონია, მოკლე დროში ვერ დავინახეთ რომ შენზე ძლიერი იყო, ფინალის ბედი სიჩქარემ გადაწყვიტა?
- ტაჟუდინოვი ძალიან ტიტულიანი ახალგაზრდა სპორტსმენია. მე თავიდან სხვას მოველოდი და ხელი რომ მოვკიდე ფიზიკურად სუსტი მომეჩვენა, ამან უფრო დამაჩქარა და ოთხქულიანი ილეთის გაკეთება ვცადე. ვიფიქრე, მალე დავასრულებ შეხვედრას და მანდ დავუშვი შეცდომა. სპორტში ასეა - შენ შეცდომას უშვებ მეტოქე იყენებს და ამ შემთხვევაში, კარგად გამოიყენა ეს შეცდომა, ვულოცავ გამარჯვებას და რევანშამდე...

- ოლიმპიადა დასრულებულია, რისთვის იწყებ მზადებას, რა იქნება ახალი მიზანი?
- დაახლოებით 2 კვირაში ავსტრიაში წავალ, საკლუბო ჩემპიონატზე კონტრაქტი მაქვს და იქ ვიასპარეზებ, ყოველ შაბათს შეხვედრები გვექნება. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ხელზე ოპერაციას ავსტრიაშივე გავიკეთებ, რეაბილიტაციისთვის დრო დამჭირდება, შემდეგ ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვიქნები და ვეცდები მესამედ გავხდე ევროპის ჩემპიონი.
- ოლიმპიადის შემდეგ ბოდიში მოუხადე ქართველ ხალხს, ახლა რას ეტყვი?
- ჩემს ქართველებს, პირველ რიგში, უდიდესი მადლობა გვერდში დგომისა და ყურადღებისთვის. მიხარია, რომ ქართველი ვარ და ვეტყვი, რომ მომავალში ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია იქნება მათი გულების გახარება. მინდა ვუჩვენო რომ ის შეცდომა, რაც ოლიმპიადაზე დავუშვი შემიძლია გამოვასწორო და ჩემი იმედი ჰქონდეთ.
გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა
ზედიზედ მეორედ - გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია
ისტორიული შედეგი — რომელ ადგილზე გავიდა საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე?



















