უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი სომხეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის დასრულდა. შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა, რასაც ლოგიკური დასასრული მოჰყვა. ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და განმეორებითი მატჩის წინ, დიდი უპირატესობა მოიპოვა. მატჩი საბოლოო ჯამში 0-3 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებიდან თავის გამოჩენა გიორგი ქოჩორაშილმა და გიორგი მიქაუტაძემ მოახერხეს. ამ უკანასკნელმა სომხეთს ორი გოლი შეუგდო, რითაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ბომბარდირთა სიაში დაწინაურდა. 18 გოლი 36 მატჩში — გიორგი მიქაუტაძემ ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას გადაუსწრო და ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებში, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს ნაკრების საუკეთესო მეგოლეები — ტოპ 5:
1. შოთა არველაძე - 61 მატჩი, 26 გოლი;
2. გიორგი მიქაუტაძე - 36 მატჩი, 18 გოლი;
3. ხვიჩა კვარაცხელია - 40 მატჩი, 17 გოლი;
4. თემურ ქეცბაია - 52 მატჩი, 17 გოლი;
5. ალექსანდრე იაშვილი - 67 მატჩი, 15 გოლი.
საქართველო-სომხეთის განმეორებითი მატჩი 23 მარტს, თბილისში, 18:00 საათზე გაიმართება.