საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება პორტუგალიის ნაკრებთან მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები 2:0 დავამარცხეთ და ჯგუფიდან გავედით.
გამარჯვების გარდა, ჩვენთვის ორმაგად საამაყო იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდუს დამწუხრება, რომელმაც ჩვენთან მარცხი ძალიან განიცადა.
ამ მატჩიდან რამდენიმე დღეში, 1/8-ფინალურ ეტაპზე რონალდუმ სლოვენიასთან პენალტი გააცუდა, თუმცა პორტუგალიამ პენალტების სერიაში მაინც მოიგო. კრიშტიანომ გაფუჭებული პენალტი ძალიან განიცადა და ცრემლები ვერ შეიკავა. თამაშის შემდეგ მეკარესთან მივიდა და პერსონალური მადლობა გადაუხადა, რადგან ანტი-გმირობისგან იხსნა.
ბევრი კითხულობს, რატომ არის რონალდუ ასეთი ემოციური და რატომ განიცდის ამ ფაქტებს? მას ხომ კარიერაში ყველაფერი მოებული აქვს?
ამ ყველაფრის უკან რონალდუს ხასიათი და გამარჯვებულის მენტალიტეტი დგას, რაზეც ტოტენჰემის ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად სპორტული ფსიქოლოგი პოლ მაკვეი საუბრობს.
"რაც არ უნდა იყოს, რონალდუ ადამიანია! მისი საფეხბურთო ხასიათი სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის. წარმოიდგინეთ, ის აცნობიერებს, რომ მისთვის ბოლო დიდი ტურნირია და უნდა თავი გამოიჩინოს. რონალდუს ევროზე გოლი ჯერაც არ გაუტანია და კარგად ხედავთ როგორ ვერ იკავებს ემოციებს. გაბრაზებულია და არ გამოვრიცხოთ, რომელიმე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულოს. მას ხომ ასეთი მენტალიტეტი აქვს", - განაცხადა მაკვეიმ.
რონალდუს სლოვენიასთან ტირილმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მას აკრიტიკებდნენ, რომ მსოფლიოს გამორჩეულ ფეხბურთელს ასე საჯაროდ ემოციების მოთოკვა მართებდა, რაზეც სპორტულმა ფსიქოლოგმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
"თქვენ მოედანზე ხედავთ პირველ რიგში ფეხბურთელს და არა მამაკაცს. ბევრი ფეხბურთელი საფეხბურთო მომენტებს განიცდის, მაგრამ მოედანზე ემოციებს იკავებს, ჩვენ კი 20 წლის განმავლობაში ვუყურებთ ემოციურ რონალდუს, რომელსაც თითქმის ყველა საფეხბურთო ასპექტი გულთან ახლოს მიაქვს, იქნება ეს არ დადებული ჯარიმა, პენალტი, გაცუდებული მომენტი თუ სხვა. როცა ის მოედანზეა, უნდა შევაფასოთ როგორც ფეხბურთელი. ფეხბურთელი რონალდუ კი ტირის და ემოციებს ვერ მალავს, რადგან უნდა რომ მოგებული იყოს, რაც სრულიად მისაღებია."
ისიც გამოჩნდა, რომ რონალდუ ასეთი ემოციური და ცივი მხოლოდ უშუალოდ თამაშის პროცესშია. მატჩის დასრულების შემდეგ, რონალდუსთან კვარა მივიდა, რომელსაც თბილად გადაეხვია და თავის კუმირს საოცნებო მაისურიც გადასცა - მიტომ არის რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.