სულ რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბაზელის 19 წლის ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ გუნდის ბოლო მოსამზადებელ ვარჯიშზე, საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო — როგორც ბაზელის ოფიციალური X-გვერდი იუწყება, სიგუამ ვარჯიშზე, ჰაერში შეჯახებისას, თავის არეში ჭრილობა და მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო. ამას სამწუხაროდ ისიც დაემატა, რომ დაშვებისას ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტერფიც დაიზიანა.
წინასწარი მონაცემებით, ტერფის დაზიანება მძიმე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ახლა გაირკვა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა კოჭის მყესები გაიწყვიტა, რის გამოც, მინიმუმ, ორი თვე მოედანზე ვერ დაბრუნდება. საბედნიეროდ, სიგუას ოპერაციული ჩარევა არ დასჭირდა.
LaGazzetta.ge გაბრიელს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს!