17 მაისს, ლიგა 1-ის 34-ე ტურის ფარგლებში ლიონის ოლიმპიკი საკუთარ კედლებში ანჟეს მიიღებს. აღნიშნული მატჩი ალექსანდერ ლაკაზეტისთვის იქნება ბოლო რონელთა მაისურით. ეს ინფორმაცია დაადასტურა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, რომელიც ფრანგ ფორვარდს უკვე დაემშვიდობა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას გრუპამა სთეიდიუმის ბინადრების ამჟამინდელი კაპიტანი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი ფორვარდი საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში გადავა. 33 წლის შემტევი ლიონში თამაშობდა 2010-2017, 2022-2025 წლებში და ამ დროის მანძილზე მან 390 შეხვედრაში 199 ბურთი შეაგდო.
ოლიმპიკის ათიანის წასვლა პირდაპირ კავშირში არის გიორგი მიქაუტაძესთან, რომლის მთავარი კონკურენტი მიმდინარე სეზონში სწორედ ვეტერანი ფორვარდი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბურუსით მოცულია თავად ქართველი შემტევის პერსპექტივებიც რონელთა ფინანსური პრობლემების გამო.
როგორც მოგეხსენებათ, გრუპამას ბინადრებს აქვთ 500-მილიონიანი დავალიანება, რომლის გამოც მათ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ. არაა გამორიცხული, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში, ფონსეკას გუნდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდსაც შეელიოს.








