დღეს, 26 აპრილს, ჩვენი დროით 23:55 საათზე გაიმართება კოპა დელ რეის ფინალი, მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო, რაც აღნიშნული შეხვედრის გარშემო ხდება.
მსაჯების სკანდალი მატჩის წინ
კოპა დელ რეის ფინალი უნდა იმსაჯოს რიკარდო დე ბურგოს ბენგოჩეამ, რომელმაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იტირა. როგორც ესპანელმა მსაჯმა თქვა, მის შვილს სკოლაში ეუბნებიან, რომ მამამისი ქურდია. ის იმ არბიტრებს შორისაა, რომელზეც ბოლო პერიოდში Real Madrid TV-ში კრიტიკული გადაცემები მომზადდა.
სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ, "ბლანკოსის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა რეაგირება მოახდინა. მისი აზრით, ასეთი გამოსვლის შემდეგ, მსაჯი ვეღარ იქნება იმის გარანტი, რომ თამაშში მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების გარეშე ჩაივლის. ესპანელმა პრეზიდენტმა არბიტრების შცვლა მოითხოვა.
ეს ყველაფერი მაშინ, როცა კოპა დელ რეის ფინალის დაწყებამდე 24 საათზე ოდნავ მეტი რჩებოდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ არ დააკმაყოფილა ბერნაბეუს ბინადრების პრეზიდენტის მოთხოვნა, რის შედეგადაც, ფინალი მაინც შედგება. არაფერი იცვლება: ბარსასა და კარლო ანჩელოტის გუნდის დაპირისპირება შედგება.
ტრებლისკენ მიმავალი ბარსელონა
რეალისგან განსხვავებით, ბარსელონა ინარჩუნებს ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და კოპა დელ რეის მოგების შანსს. უპრინციპულეს მოწინააღმდეგესთან მოგების შემთხვევაში, კატალონიელთა ტრებლისკენ მიმავალი სვლა გაგრძელდება. რაც შეეხება დანარჩენ ტურნირებს, "ბლაუგრანამ" ევროსარბიელზე 1/2 ფინალს მიაღწია.
კამპ ნოუს ბინადრების მოწინააღმდეგე იქნება მილანის ინტერი, რომლის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ფინალში ისინი პარის სენ-ჟერმენსა და ლონდონის არსენალს შორის ერთ-ერთს შეხვდებიან. მივადექით პრიმერა დივიზიონს, სადაც ჰანსი ფლიკის გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერია.
ლა ლიგის სეზონის დასრულებამდე რჩება ხუთი ტური, ბარსელონა კი უახლოეს მდევარს, მადრიდელებს ოთხი ქულით უსწრებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მე-2 წრის ელ კლასიკო ჯერ კიდევ წინ არის: კატალონიელები "ბლანკოსს" მიიღებენ 11 მაისს, პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურში.
გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა
ორივე გუნდი ფინალს ხვდება დანაკლისით. ბარსელონას ვერ დაეხმარება რობერტ ლევანდოვსკი, ალეხანდრო ბალდე, მარკ ბერნალი და მარკ კასადო. რეალს არ ეყოლება დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, ედუარდო კამავინგა. ასევე საეჭვოა დავიდ ალაბასა და ფერლან მენდის თამაშიც.
როგორც ვხედავთ, კატალონიელებს არ ეყოლებათ მათი მთავარი ბომბარდირი, რომელმაც მიმდინარე სეზონის 48 მატჩში უკვე 40 გოლის გატანა მოასწრო. არაა გამორიცხული, რომ პოლონელი ფორვარდი სეზონის ბოლომდე მოედანზე ვეღარც ვიხილოთ. ცხადია, მის გარეშე, "ბლაუგრანას" შანსები მცირდება, ნებისმიერ ტურნირზე.
შაბათის სხვა გამორჩეული მატჩები
| დრო | მატჩი | ტურნირი |
| 15:30 | ჩელსი - ევერტონი | პრემიერ ლიგა |
| 17:30 | ბაიერნი - მაინცი | ბუნდესლიგა |
| 18:15 | ოვიედო - ლევანტე | ლა ლიგა 2 |
| 19:00 | სტრასბური - სენტ-ეტიენი | ლიგა 1 |
| 20:30 | გრანადა - ელჩე | ლა ლიგა 2 |
| 23:05 | ლიონი - რენი | ლიგა 1 |
| 00:00 | ბარსელონა - რეალი | კოპა დელ რეი |
| 03:15 | ორლანდო - ატლანტა | MLS |








