იტალიურ გუნდს ლეკლერის დიდი ხნით შენარჩუნება სურდა, სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები სწრაფად წარიმართა და ახალი ხელშეკრულება იდეალურ დროს გაფორმდა - სეზონის დაწყებამდე. გასული სეზონის სირთულეების მიუხედავად, ფერარის ხელმძღვანელობა სწორედ მონეგასკ პილოტზე ამყარებს იმედს და მას გუნდის ლიდერად განიხილავს.
კარლოს საინსი ფერარიში 2021 წელს მივიდა, როდესაც გუნდის დირექტორი მატია ბინოტო იყო. ესპანელმა ყველას დაანახა, რომ სწრაფი მრბოლელია, რომელსაც გუნდთან ერთად შეუძლია განვითარება. ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ესპანელ პილოტს ლეკლერთან ერთად რბოლა და გუნდისთვის საჭირო ქულების მოტანა კარგად გამოსდის, ამიტომ ის მზად არის ორწლიან კონტრაქტს დათანხმდეს და ფერარიში 2026 წლამდე დარჩეს.
აღსანიშნია, რომ სწორედ 2026 წელს იცვლება რეგლამენტი და გუნდები ახალ ბრძოლას დაიწყებენ დომინანტობისთვის. ფერარის მიზანი კი 1+1-წლიანი კონრაქტის გაფორმებაა, რაც გუნდს საშუალებას მისცემს 2025 წელს ახალი მრბოლელის მოყვანაზე იფიქროს. იტალიური გუნდისთვის მთავარი სამიზნე ლანდო ნორისი არის, თუმცა, მან მაკლარენთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მისი გადაბირება რთული გახდება. ზოგადად, მაკლარენს ახალი ხელშეკრულებებით ახალგაზრდა ტალანტების, ლანდო ნორისისა და ოსკარ პიასტრის შენარჩუნება სურს.
ასეც რომ არ იყოს, მომდევნო წლებში ნორისის მერსედესში გადასვლა ჰამილტონის ან რასელის შემცვლელად უფრო ლოგიკური ჩანს, ვიდრე მისი ხილვა ფერარიში.
შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, დიდი შანსია, საინსი გუნდში გამოკვეთილ მეორე ნომრობასა და 1+1 კონტრაქტს დათანხმდეს. სამომავლოდ კი ისიც დასაშვებია, რომ პილოტი აუდის გუნდს დაუკავშირდეს, რომელიც ფორმულა 1-ში 2026 წელს გამოჩნდება.








