ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპის კიდევ ერთი მონაწილე ცნობილია. იულიან ნაგელსმანის გერმანიამ, დანია უშანსოდ 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება, სრულიად დამსახურებულად მიიღო. სიგნალ იდუნა პარკზე შეკრებილმა 61 612 მაყურებელმა ბუნდესნაკრების საკმაოდ სოლიდური თამაში იხილა. კასპერ ჰიულმანდის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავიდა, რომელიც წყვილში ფავორიტად მოიაზრებოდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ნაგელსმანის გუნდმა დანიას ორი უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩის 53-ე წუთზე თავი კაი ჰავერცმა გამოიჩინა, რომელმაც დანიის კარში დანინუშლი პენალტი ზუსტად შეასრულა, ხოლო 68-ე წუთზე, ჯამალ მუსიალამ ტურნირზე მესამე გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრას საბოლოო წერტილიც დაუსვა.
მატჩის ბოლომდე დანია სახიფათო მომენტების შექმნას ცდილობდა, თუმცა გერმანიამ საქმის ბოლომდე მიყვანა მაინც მოახერხა. ნაგელსმანის გუნდის პოტენციური მეტოქე ესპანეთი-საქართველოს შორის დაპირისპირებაში გამოვლინდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.