ევრო 2024-ის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი თვე რჩება და როგორც ცნობილი ხდება, ამ ტურნირის წინ, უეფა საკმაოდ მკაცრი წესის შემოღებას გეგმავს. ევრო 2024-ზე მხოლოდ კაპიტანს შეეძლება მსაჯთან მიახლოება და საუბარი - ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი, რომელიც მსაჯთან მივა და უპატივცემულობას ან რაიმე ნიშნით აგრესიას გამოხატავს, ყვითელ ბარათს მიიღებს. თუ კაპიტანი მეკარეა, ერთ-ერთი თანაგუნდელი შეიძლება მივიდეს მსაჯებთან დასალაპარაკებლად. ეს გადაწყვეტილება უეფას სამსაჯო კომიტეტმა უკვე დაამტკიცა.
რობერტო როზეტი (უეფას მსაჯთა კომიტეტის დირექტორი): "ჩვენი სურვილია, რომ გუნდიდან მხოლოდ კაპიტანს ჰქონდეს მსაჯთან მიახლოების და სხვადასხვა გადაწყვეტილების განხილვის უფლება. მის გარდა დისკუსიაში არავინ უნდა ჩაერთოს. კაპიტნის პასუხისმგებლობაა, რომ თანაგუნდელებმა პატივი სცენ მსაჯს, შეინარჩუნონ დისტანცია და არ გამოიწვიონ რაიმე სახით აგრესია."
ევრო 2024 სტარტს 14 ივნისს აიღებს, საქართველოს ეროვნული ნაკრები კი პირველ შეხვედრას თურქეთთან, 18 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს.