ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.
პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:
პირველი კატეგორია - 200 ევრო
მეორე კატეგორია - 150 ევრო
მესამე კატეგორია - 60 ევრო
მეოთხე კატეგორია - 30 ევრო
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.
სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენ მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ.
საქართველოს ნაკრები გერმანიაში გასამართ EURO 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.








