ლა ლიგის მე-9 ტურში რეალ მადრიდმა სანტიაგო ბერნაბეუზე ვილიარეალი უშანსოდ, 2:0 დაამარცხა, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება დანი კარვახალის უმძიმესმა ტრავმამ გადაფარა. ესპანელმა განაპირა მცველმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც ამ სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. მატჩის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
"კარვახალმა სამწუხაროდ ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო — საუბარია მუხლის ტრავმაზე, რომლის რეაბილიტაციასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. გამარჯვების მიუხედავად, გასახდელში ყველა მოწყენილია, რადგან დანი დიდი ხნით დავკარგეთ.
ვფიქრობ კარვახალის ტრავმა თავიდან ბოლომდე გადატვირთული კალენდრის ბრალია. ფეხბურთელებს ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება უწევთ და მათი ორგანიზმი ამხელა დატვირთვას ვეღარ უძლებს."
2024/25 სეზონის დაწყებიდან დიდი დრო ნამდვილად არ გასულა და ამის მიუხედავად, ტოპ ლიგებში უკვე საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა გაიწყვიტა მუხლზე ჯვარედინი იოგები — როდრი, დუვან ზაპატა, მარკ ბერნალი, გლეისონ ბრემერი, საბა საზონოვი... ამ სიას კი გუშინ ღამით დანი კარვახალიც დაემატა. ფეხბურთელები უკვე ყოველდღიურად საუბრობენ გადატვირთულ კალენდარზე, თუმცა ამ ყველაფერს ყურადღებას არავინ აქცევს.