ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, საუკეთესო გოლს კი გულშემატკივრები ავლენენ.
ივნისის თვეში გაგრას წარმატებული მატჩები ჰქონდა. გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა, ერთ-ერთ ლიდერ დინამო თბილისს მოუგო, სამგურალთან და მეშახტესთან კი ფრე ითამაშა.
ამ მატჩების მთავარი გმირი კი გაგრას უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ვორობეი იყო, რომელმაც დინამო თბილისთან მატჩში რეკორდული, 15 სეივი შემოგვთავაზა. ჩვენი ვერსიით, ვორობეი ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
"სეზონის პირველ ნახევარს ნორმალურად შევაფასებდი. ყველა მატჩში მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ვფიქრობ, სეზონის მეორე ნახევარში უკეთესები ვიქნებით. ჩემს თამაშსაც დადებითად შევაფასებ. ისეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ კარგი თამაში, როგორიც დინამო თბილისია, სასიხარულოა და ბედნირი ვარ, რომ გუნდის გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე", - განაცხადა ვორობეიმ ჩვენთან საუბარში.

გასულ თვეს, ეროვნულ ლიგაში ბევრი ლამაზი გოლი გავიდა. გულშემატკივარმა კი საუკეთესოდ ალექსანდრე ფეიქრიშვილის მიერ დინამო თბილისის კარში გატანილი გოლი დაასახელა. მისმა გოლმა ხმების 54% მიიღო.
"სეზონი მძიმედ დავიწყეთ, თუმცა ჩვენს თავში ვიპოვნეთ ძალა, შეცდომები გამოვასწორეთ და ბოლო 5 თამაშია არ წაგვიგია. იმედია, სეზონის მეორე ნახევარსაც ასე გავაგრძელებთ. რაც შეეხება ჩემს გოლს, ეს გოლი ორმაგად ემოციური იყო, რადგან ცოტა ხნის წინ, ბაბუა გარდამეცვალა და ეს გოლი მას მივუძღვენი. მოხარული ვარ და მადლობელი, რომ ჩემი გოლი საუეკთესოდ დაასახელეს", - ალექსანდრე ფეიქრიშვილი.














