ცნობილი ფაქტია, რომ პაულო დიბალას კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც, მისი გამოსყიდვა მხოლოდ 12 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი. კლაუსულა ძალაშია 31 ივლისამდე და აღსანიშნავია ის, რომ ეს ოფცია იტალიის ჩემპიონატის კლუბებზე არ ვრცელდება. დიახ, კალჩოს წარმომადგენლები არგენტინელ ფორვარდს 12 მილიონად ვერ გამოისყიდიან.
"ჯალორისის" თავდამსხმელის დაბალი სატრანსფერო ღირებულების გათვალისწინებით, მის სახელს სხვადასხვა ევროპულ გუნდებს ხშირად უკავშირებენ. მის გარშემო ყველაზე აქტიურად ბარსელონას განიხილავენ, რომელიც მომავალი სეზონისთვის ხარისხიან, მაგრამ ბიუჯეტურ გაძლიერებას ეძებს. თავად 30 წლის ფორვარდს წარსულში არაერთხელ გამოუთქვამს კატალონიაში გადასვლის სურვილი.
პარალელურად "მგლები" თავიანთ 21-ე ნომერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობენ. მისი თამაშით გუნდში ყველა კმაყოფილია, განსაკუთრებით კი დანიელე დე როსი, რომელიც ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია. შეგახსენებთ, დიბალა ოლიმპიკოზე 2022 წლიდან თამაშობს და ამ დროის მანძილზე მან 65 მატჩში 32 ბურთი გაიტანა.