რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თავისი გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე აქტიურ მუშაობას იწყებს.
დე ლაურენტისის თქმით, ის ქართველის აგენტებს 3 თვის წინ შეხვდა. მათ კი უთხრეს, რომ ახალ კონტრაქტზე სეზონის ბოლოს უნდა განაახლონ მოლაპარაკებები.
თუმცა იტალიური პრესის ცნობით, დე ლაურენტისი კვარაცხელიას აგენტებს აჩქარებს და ცდილობს, შეხვედრა რაც შეიძლება მალე დანიშნოს, რადგან ახლა მისი მთავარი მიზანი და საფიქრალი სწორედ ხვიჩას ახალი კონტრაქტი და მის გარშემო გუნდის აწყობაა.
ცნობილია სავარაუდო თარიღიც - კვარაცხელიას აგენტებისა და კლუბის პრეზიდენტის შეხვედრა არა სეზონის ბოლოს, არამედ აპრილში იგეგმება.
მოგეხსენებათ, სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, მაგრამ მისი წლიური ანაზღაურება 1.5 მილიონი ევროა, რაც გუნდელებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია.