ბოლო წლებში, აზიის და საუდის არაბეთის გუნდებში ბევრი ევროპული ვარსკვლავი მიდის. ამის მიზეზი მარტივია - არაევროპული გუნდები მსოფლიოს გამორჩეულ ფეხბურთელებს კოლოსალურ თანხებს სთავაზობენ და უკვე იშვიათია ფეხბურთელი, ვინც ამაზე უარს ამბობს.
თუმცა პირველი ფეხბურთელი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და სათამაშოდ აზიაში წავიდა, ბრაზილიელი ოსკარი იყო. ოსკარი ჩელსის ერთ-ერთი ლიდერი იყო, კარგი სეზონები ჰქონდა და მოულოდნელად, თავი ჩინეთში აიღო.
7 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას უდიდესი კრიტიკა მოჰყვა, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ევროპაში თავის დამკვიდრება შეეძლო, დიდი თანხების გამო ჩინეთს მიაშურა.
სად არის ახლა ოსკარი? - 33 წლის ნახევარმცველი შანხაიში უკვე 7 წელია ირიცხება და სტაბილურად კარგად თამაშობს. მიმდინარე წელს კი მისი შედეგები უბრალოდ არარეალურია. თუ გასულ სეზონში მის ანგარიშზე 30 შეხვედრაში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემა იყო, წელს ოსკარს 29 მატჩში 14 გოლი და 21 ასისტი აქვს.
"შანხაი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია მსოფლიოში, როგორც ცხოვრების წესით, ისე უსაფრთხოებით. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ", - განაცხადა ოსკარმა რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუში.
ბოლოს მან აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, სადაც გიორგი არაბიძის ულსან ჰიუნდაის დაუპირისპირდა და 1:3 გაიმარჯვა. ოსკარმა 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
7 წლის განმავლობაში ოსკარმა შანხაისთან ერთად ჩინეთის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, ერთხელ ჩინეთის თასი, ერთხელაც სუპერთასი.
ის ფაქტიც, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ჩინეთში თამაშობს, მისთვის პრობლემა აღარაა, რადგან ბოლო წლებში ევროპიდან სხვა კონტინენტზე სათამაშოდ ისედაც ბევრი კარგი ფეხბურთელი წავიდა.