"მინდა რომ უკეთესი გავხდე, მეტი გოლი გავიტანო, მეტი საგოლე გადაცემა გავაკეთო, პოზიციურად უკეთესად დავიწყო თამაში. ეს გოლი ვიცი რომ დამეხმარება. მე ბორდოს ფეხბურთელი ვარ და აქედან წასვლაზე არ ვფიქრობ. მინდა თუ არა გუნდის გამოცვლა? ჩემი პასუხია არა. ჩემს შესახებ რას წერენ ან ამბობენ, დიდად არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია, რომ ვთამაშობ, გოლს ვიტან და აქაურობა მიყვარს", - ზურიკო დავითაშვილი.
ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის ბოლო ტურში, ანჟეს გამარჯვების გოლი გაუტანა. ამ გამარჯვებით კი ბორდო გასავარდნ ზონას კიდევ უფრო დაშორდა.
"ვფიქრობ ზურიკოს გუნდში დარჩენა სურს. ბორდოში თამაშით თავს კარგად გრძნობს, გუნდის სათამაშო სტილს კარგად ერგება. ზურიკო როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. არ მსურს მისი გუნდიდან წასვლა", - ალბერტ რიერა, ბორდოს მთავარი მწვრთნელი.
ბოლო დღეებში, ზურიკოს თაობაზე არაერთი ჭორი დაიწერა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. სატრანსფერო ფანჯარა ორ დღეში იხურება და როგორც ჩანს, დიდია იმის შანსი, რომ 22 წლის ქართველი ფრანგულ კლუბში დარჩეს.