უსმან ნურმაგომედოვი ერთ ღამეში გახდა ყველაზე საძულველი მებრძოლი, მას შემდეგ, რაც ის უკნიდან მერაბ დვალიშვილს დაესხა თავს. დაღესტნელი მებრძოლი გააკრიტიკა შერეული საბრძოლო ხელოვნებების მთელმა სამყარომ, მათ შორის მისმა თანამემამულემ, ალექსანდრ ვოლკოვმა.
როგორც ვიცით, რუსი მებრძოლი მზად არის UFC-ისთან კონტრაქტის გასაფორმებლად და გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები უკვე საბოლოოდ შეთანხმდნენ კიდეც. ამბობდნენ იმასაც, რომ 28 წლის მებრძოლის გაფორმება ოფიციალურად 334-ე ივენთის მსვლელობის დროს დადასტურდებოდა.
ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა ალი აბდელაზიზი, ვინც ნურმაგომედოვისთვის UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში პირდაპირ ილია თოფურიას ითხოვდა. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაღესტნელმა მებრძოლმა თავისი უღირსი და ლაჩრული საქციელით მთელს მსოფლიოს თავი შეაზიზღა.
საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ UFC-იმ უსმანს აღარ გაუფორმოს კონტრაქტი ან თუ ხელშეკრულება უკვე არსებობს, გაუწყვიტოს ის. მსოფლიოს მთავარი პრომოუშენი დიდ ყურადღებას უთმობს მებრძოლის რეპუტაციას და იმ ფაქტორს, თუ როგორ იქცევა ის ოქტაგონს ფარგლებს გარეთ.
ფაქტია, აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რუსმა მებრძოლმა MMA-ს მოყვარულებს გულშემატკივრობის ყველანაირი სურვილი დაუკარგა. აღსანიშნავია ისიც, რომ აბდელაზიზმა უარყო მსოფლიოს მთავარ პრომოუშენთან ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი და PFL-თან ექსლუზიურ პირობებზე ისაუბრა.
სიმართლეს გავიგებთ ძალიან მალე, იქამდე, 28 წლის მებრძოლმა ჯერ საპატიმროს უნდა დააღწიოს თავი. გავრცელებული ინფორმაციით, მას ემუქრება 1-წლიანი პატიმრობა და ჯარიმა 3 ათასი დოლარის ოდენობით.














