იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში ნაპოლიმ მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და ბოლონიასთან, საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ნაპოლი საკუთარ კედლებში ჩატარებული თამაშების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებლით გამოირჩევა, მათ მხოლოდ 24 ქულა აქვთ.
ამასთანავე, გუნდი კონფერენს ლიგის საგზურისთვისაც იბრძვის. დღევანდელი მარცხით ამის შანსები ძალიან შეუმცირდათ. ნაპოლი კვლავ მე-8 ადგილზეა, თუმცა უშუალო კონკურენტებს ერთი და ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
რამდენიმე ტურის წინ, ნაპოლის გულშემატკივრებმა ცუდი შედეგების გამო პროტესტი გამოთქვეს და გადაწყვიტეს, თამაშებზე აღარ ევლოთ, რის შემდეგაც დიეგო მარადონას სტადიონზე მაყურებლების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
ბოლონიასთან მატჩის ბოლოს, როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ნაპოლის გულშემატკივრებმა დაიწყეს სკანდირება: "ითამაშეთ მაისურის გარეშე!"
ეს მოწოდება ფეხბურთელების მიმართ იყო. ფანები თვლიან, რომ ნაპოლის მოთამაშეები ამ გუნდის მაისურს არცხვენენ და დროა, გაიხადონ.
მატჩის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგაც, ფეხბურთელებს გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ და ბოთლებსა და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ.
დიდია იმის ალბათობა, რომ სეზონის ბოლო საშინაო მატჩში, სადაც ნაპოლი ლეჩეს უმასპინძლებს, გულშემატკივრები საერთოდ არ მივიდნენ.