სომხეთის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს მეტოქე იქნება, ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა. კრასნოდარის ლეგიონერმა
ედუარდ სპერციანმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვე გაუცდება. ამ დაზიანების გამო, სომეხი ფეხბურთელი საქართველოსთან ჩასატარებელ ორივე მატჩს გამოტოვებს.
24 წლის ნახევარმცველმა ტრავმა რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, კრილია სოვეტოვთან მატჩში მიიღო. ფეხბურთელის დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ ედუარდმა მოედანი საკუთარი ფეხით ვერ დატოვა და მისი გაყვანა ელექტრომობილით გახდა საჭირო.
ედუარდ სპერციანს სომხეთის ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც 6 გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებს 20 და 23 მარტს ჩაატარებს. პირველი შეხვედრა სომხეთში გაიმართება, ხოლო განმეორებით მატჩს დინამო არენა უმასპინძლებს.