2025 წელს პრემიერ ლიგის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლონდონური დერბი იხილა — ერთმანეთს ბრენტფორდი და არსენალი დაუპირისპირდნენ. მე-19 ტურის დასკვნით მატჩს, მიკელ არტეტას გუნდი ფავორიტის სტატუსით შეხვდა. იმის მიუხედავად, რომ "მეთოფეებს" რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი აკლდათ, არსენალმა მაინც მარტივი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრაში ანგარიში ბრაიან მბეუმომ გახსნა, რის შემდეგაც უპირატესობა თავიდან ბოლომდე არსენალის მხარეს გადავიდა. სტუმარი გუნდიდან თავის გამოჩენა გაბრიელ ჟესუსმა, მიკელ მერინომა და გაბრიელ მარტინელიმ მოახერხეს. მატჩი საბოლოო ჯამში არსენალის გამარჯვებით, 1-3 დასრულდა.
ამ გამარჯვების შემდეგ არსენალმა 39 ქულას მოუყარა თავი და მე-2 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება ტომას ფრენკის გუნდს, ბრენტფორდი 24 ქულით, მე-12 პოზიციაზე დარჩა.