საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ბუდუ ზივზივაძემ და ოთარ კაკაბაძემ,
Lagazzetta.ge-სთან მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატსა და მოლოდინებზე ისაუბრეს.
ოთარ კაკაბაძე:
"მშვენიერი განწყობა გვაქვს და ეს განწყობა ამხანაგურმა მატჩმაც აგვიმაღლა. ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოფიციალური თამაში განსაკუთრებულია და ჩვენი მიზანია, რომ გერმანიაში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ.
საქართველოს ნაკრები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან შენი ქვეყნისთვის თამაშობ. გუნდებში კარიერულად ისე არ მიმართლებს, რაც ტრავმებს უნდა დავაბრალოთ. ხდება ისეც, რომ სხვადასხვა პოზიციაზე მიწევს თამაში, მაგრამ ნაკრებისთვის ისეთ პოზიციებზეც ვითამაშებ, სადაც არასდროს მითამაშია. ვილი სანიოლის მიდგომა ფეხბურთელებს მიმართ იდეალურია".
ბუდუ ზივზივაძე:
"განწყობა იდეალურია. ერთად ყოფნა ყველას გვიხარია, ყველა ბედნიერია და მოუთმენლად ველით თამაშების დაწყებას. მზადების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მწვრთნელმა გვითხრა, რას ითხოვს თითოეული ფეხბურთელისგან და ვეცდებით, მისი დავალებები შევასრულოთ.
ყველამ ვიცით, რომ თურქების ლიდერი ჩალჰანოგლუა. ისე კი, მთლიანად გუნდი საკმაოდ ძლიერია, თუმცა ვფიქრობ, თუ მათთან ჩვენს თამაშს დისციპლინურად ვითამაშებთ, სასურველი შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია".