ვიდრე ოლიმპიური ჩირაღდანი საფრანგეთის ტერიტორიაზე მოგზაურობს, ქართველი სპორტსმენები დანიშნულების ადგილზე (პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე) მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებენ და ისინი, ვისაც უკვე ლიცენზია ოფიციალურად მოპოვებული აქვთ მთავარი სპორტული შეჯიბრისთვის ემზადებიან და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გეგმავენ, ჩემპიონობისთვის მიემგზავრება პარიზში თავისუფალი სტილით მოჭიდავე (97კგ.) გივი მაჭარაშვილი.
გივი მაჭარაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონია, ქართველმა ევროპირველობაზე ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ოქროს მედალი 2023 და 2024 წლებში. მაჭარაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს ორი მედალი აქვს მოპოვებული (2022 წ., 2023 წ.). 2019 წელს გივი მაჭარაშვილი ევროპის II თამაშების ვიცეჩემპიონი გახდა. ქართველ მოჭიდავეს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირსა და ასაკობრივ კატეგორიაში მრავალი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ოლიმპიური სამზადისისა და მოლოდინის შესახებ გივი მაჭარაშვილმა
La Gazzetta dello Sport Georgia
-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
- ოლიმპიური თამაშების სამზადისი როგორ მიმდინარეობს?
- ახლა შეკრებას ბათუმში გავდივართ, ოლიმპიადამდე კიდევ 3 შეკრება გვაქვს. ამ შეკრების შემდეგ სარეიტინგო ტურნირი გვექნება.
- ახლა როგორ ფორმაში ხარ და რა მოლოდინი გაქვს?
- ამ დროისთვის ნამდვილად კარგ ფორმაში ვარ. კარგი განწყობა მაქვს, ჩემპიონობისთვის მივდივარ და ყველაფერი გამოჩნდება, ვნახოთ. 27 წლის ვხდები და ასაკიც ისეთია სპორტისთვის კარიერის ზენიტად ითვლება.
სპორტსმენები, რომლებსაც ოლიმპიური თამაშების გამოცდილება აქვთ მეუბნებიან, რომ ოლიმპიადა ფსიქოლოგიური შეჯიბრია. ჭიდაობის მთავარი ტურნირი ოლიმპიადაა, რადგან ოთხ წელში ერთხელ ტარდება, სხვა მასშტაბი აქვს და ყველა სპორტსმენს სურს თავის წარმოჩენა და რა თქმა უნდა, ოლიმპიური ჩემპიონობა. ბავშვობიდან მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა, ეს სპორტსმენისთვის უდიდესი მიღწევაა.



















