ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ. სამშაბათს მოჰამედ სალაჰმა გაუტანა ჟირონას, კილიან მბაპემ კი - ბერგამოს ატალანტას. ორივე მოთამაშეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 50-50 ბურთი დაუგროვდა.
ეგვიპტელი და ფრანგი თავდამსხმელები მეათე ადგილს იყოფენ, ფილიპო ინძაგისთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, ათეულში წლების განმავლობაში ტრიალებდა. იმ შემთხვევაში, თუ ლივერპულისა და მადრიდის რეალის ფორვარდები კვლავ გაიტანენ, ყოფილი იტალიელი შემტევი აღნიშნული სიიდან ამოვარდება.
საინტერესოა ისიც, რომ მეცხრე ადგილზე არის ტიერი ანრი, რომელსაც სულ რაღაც ერთი გოლით მეტი აქვს. იქვე ახლოს, 55 გოლით ტომას მიულერიც არის. რაც შეეხება ლიდერთა 3-ეულს: კრიშტიანუ რონალდუ (141 ბურთი), ლეო მესი (129 ბურთი), რობერტ ლევანდოვსკი (101 ბურთი).
სრული ათეული კი ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანუ რონალდუ - 141 გოლი
2. ლიონელ მესი - 129 გოლი
3. რობერტ ლევანდოვსკი - 101 გოლი
4. ქარიმ ბენზემა - 90 გოლი
5. რაულ გონსალესი - 71 გოლი
6. რუდ ვან ნისტელროი - 60 გოლი
7. ანდრეი შევჩენკო - 59 გოლი
8. ტომას მიულერი - 55 გოლი
9. ტიერი ანრი - 51 გოლი
10. ფილიპო ინძაგი, მოჰამედ სალაჰი, კილიან მბაპე - 50 გოლი