ჩემპიონთა ლიგის ფაზის მერვე ტურისთვის გვხვდება ცხრა გუნდი, რომელმაც მერვედფინალში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. ესენი არიან - ბოლონია, სპარტა, ლაიფციგი, ჟირონა, ცრვენა ზვეზდა, შტურმი, ზალცბურგი, სლოვანი და იანგ ბოიზი. აღნიშნულ გუნდებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე წელს ვეღარ ვიხილავთ.
რაც შეეხება მათ, ვინც მერვედფინალში გასვლის საგზური უკვე გაიფორმეს - ლივერპული და ბარსელონა. ცხრა უკვე გავარდნილი და ორი მერვედფინალში გასული გუნდის გარდა, გვხვდება 25 კლუბი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის იბრძოლებს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საუკეთესო 24 წარმომადგენელს შორის ჯერ კიდევ არ არის მანჩესტერ სიტი.

პლეიოფის გარეშე, მერვედფინალში გადის პირველი რვა საუკეთესო გუნდი და ამ მხრივ გარკვეული ჯერჯერობით ასევე არაფერია. როგორც აღვნიშნეთ, მშვიდად ყოფნა შეუძლიათ მხოლოდ მერსისაიდელებსა და კატალონიელებს, რომლებიც 8 საუკეთესოდან ვეღარ ამოვარდებიან. რაც შეეხებათ მათ მეტოქეებს: "წითლები" ესტუმრებიან მე-19 პოზიციაზე მყოფ პსვ ეინდჰოვენს, "ბლაუგრანა" კი მე-7 ადგილზე მყოფ ბერგამოს ატალანტას მიიღებს.

რვა საუკეთესო გუნდს შორის მყოფი სხვა წარმომადგენლების შეხვედრები - არსენალი ესტუმრება უმოტივაციო ჟირონას, ინტერი მიიღებს მე-10 პოზიციაზე მყოფ მონაკოს, ატლეტიკოს მეტოქე იქნება ასევე უმოტივაციო ზალცბურგი, მილანი მიიღებს 26-ე ადგილზე მყოფ დინამო ზაგრებს, ლევერკუზენს ელის უმოტივაციო სპარტა, "ლა დეას" შესახებ კი უკვე ვისაუბრეთ.
მე-8 ადგილიდან 24-ე ადგილამდე სხვაობა არის 3 ქულა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამჟამად 8 საუკეთესო გუნდში მყოფი წარმომადგენლის მარცხის შემთხვევაში, ის 24-ეულიდან ვერ ამოვარდება, მაგრამ პლეიოფის თამაში მას მაინც მოუწევს. რაც შეეხებათ კლუბებს, რომლებიც აცხადებენ 24-ეულში შესვლის პრეტენზიას: სიტი (8 ქულა), დინამო ზაგრები (8 ქულა) და შახტარი (7 ქულა).

15-17 ადგილებზე, 12 ქულით ჩამწკრივებულია 3 გრანდი - მიუნხენის ბაიერნი, ტურინის იუვენტუსი და მადრიდის რეალი. რაც შეეხებათ მათ მეტოქეებს - "რეკორდმაისტერი" მიიღებს უმოტივაციო სლოვანს, "ბებერი ქალბატონი" 21-ე პოზიციაზე მყოფ ლისაბონის ბენფიკას, "სამეფო კლუბი" კი ესტუმრება სეზონის მთავარ აღმოჩენას, მე-13 ადგილზე მყოფ ბრესტს.

როგორც ვიცით, პსჟ-ს ვერ დაეხმარება ხვიჩა კვარაცხელია, რადგან გუნდებს მერვედფინალურ სტადიამდე ახალი ფეხბურთელების განაცხადში დარეგისტრირების უფლება არ აქვთ. პარიზელებს ქართველი ვინგერის გარეშე მოუწევთ მოგებაზე ფიქრი. დიახ, მხოლოდ მოგება, რადგან ფრე ან მითუმეტეს წაგება, "ლურჯ-წითლებისთვის" შესაძლოა დამღუპველი იყოს.












