ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის სათამაშო დღეს ევროპული ფეხბურთის კლასიკას უნდა ველოდოთ - მიუნხენის ბაიერნი ბარსელონას ესტუმრება. გუნდები, რომლებსაც ერთმანეთთან უამრავი მოგონება აკავშირებთ. მიმოვიხილოთ როგორც "რეკორდმაისტერის", ისე კატალონიელთა მდგომარეობა.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ორივე გუნდში სეზონის დაწყების წინ სამწვრთნელო გადანაცვლება მოხდა. ბავარიაში ტომას ტუხელი შეცვალა ვენსან კომპანიმ, "ბლაუგრანაში" კი ჰანსი ფლიკმა ჩავი ერნანდესი ჩაანაცვლა. ორივე გუნდი თავისი შიდა ჩემპიონატის ლიდერია: ალიანც არენას ბინადრები ლიდერობენ ბუნდესლიგაში, "ლურჯ-ბროწეულისფრები" - პრიმერაში.
როგორც ვხედავთ, ახალი ერა ორივე გუნდის ისტორიაში ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ კამპ ნოუს ბინადრები და კომპანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულებით არიან ერთმანეთის მეზობლად: 3-3 ქულა და 18-19 პოზიცია. ფლიკის გუნდმა გაანადგურა იანგ ბოიზი, შემდეგ კი წაგება იგემა მონაკოსგან.
რაც შეეხება ბაიერნს, 9:2 ზაგრების დინამოსთან, შემდეგ კი მარცხი ბირმინგემის ასტონ ვილასთან. ორივე გუნდი დღევანდელ შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება: მიუნხენელებს არ ეყოლებათ ჯამალ მუსიალა, ალექსანდარ პავლოვიჩი, იოსიპ სტანისიჩი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე. ბარსას დააკლდება: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რონალდ არაუხო, ფერან ტორესი.
მივადექით ურთიერთშეხვედრების ისტორიას, რომელშიც კოლოსალურ უპირატესობას "რეკორდმაისტერი" ფლობს. ამ ორ გუნდს შორის გამართული 15 მატჩიდან 11 დასრულდა ბავარიელთა მოგებით, 2-ჯერ დაფიქსირდა ფრე, 2-ჯერაც კატალონიელებმა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება - 37:16-ზე, ალბათ გასაგებია, თუ ვის სასარგებლოდ.
საინტერესოა ის, რომ ამ გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი ექვსი შეხვედრა სწორედ ალიანც არენას ბინადრების გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნულ მოგებებს შორის არის ლეგენდად ქცეული ანგარიში (8:2) ბაიერნის სასარგებლოდ. გერმანელებს იმ დროს ხელმძღვანელობდა ფლიკი, რომელიც დღეს უკვე "ბლაუგრანაში" მოღვაწეობს.
"ლურჯ-ბროწეულისფრების" განკარგულებაში არის რობერტ ლევანდოვსკიც, რომელსაც მიუნხენში თამაშის დროს თავისი ამჟამინდელი გუნდის კარში საერთო ჯამში 4 ბურთი აქვს გატანილი. კამპ ნოუს ბინადრების ბოლო მოგება "რეკორდმაისტერთან" თარიღდება 2015 წლის 6 მაისით, როდესაც 1/2 ფინალში ბავარიული ბარიერის გადალახვის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდმა ტიტული მოიგო.
ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი დღეს:
20:45 - ბრესტი-ლევერკუზენი
20:45 - ატალანტა-სელტიკი
23:00 - ბარსელონა-ბაიერნი
23:00 - ლაიფციგი-ლივერპული
23:00 - ატლეტიკო-ლილი
23:00 - მანჩესტერ სიტი-სპარტა
23:00 - იანგ ბოიზი-ინტერი
23:00 - ბენფიკა-ფეიენოორდი
23:00 - ზალცბურგი-დინამო ზაგრები