ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეს ექვსი შეხვედრა გაიმართება. მთავარი დაპირისპირება მანჩესტერ სიტისა და მილანის ინტერს შორის შედგება. ამის გარდა, გამოსარჩევია გურამ კაშიას დებიუტი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო, რასაც ევროსარბიელი გვიმზადებს.
მანჩესტერ სიტი V ინტერი
ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის ფინალის გამეორება. იმ შეხვედრაში გამარჯვებული სიტი გამოვიდა, რომელმაც პირველად თავის ისტორიაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგო. მანჩესტერელები იმ მატჩშიც ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და ახლაც. 2 წლის წინ, ინტერმა "ქალაქელებს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მაინც წაგებული გამოვიდა.
გამარჯვების შესაძლებლობა ჰქონდათ მილანელებსაც, თუმცა მათ მომენტების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, კონკრეტულად კი ეს ყველაფერი რომელუ ლუკაკუს ეხება. იყო მომენტი, როდესაც მან "ლურჯების" კარის აღება ვერ მოახერხა 3 მეტრიდან და ამის გარდა, გოლის გატანაში ხელი ბელგიელმა ფორვარდმა ფედე დიმარკოსაც შეუშალა.
იმის შემდეგ, "ნერაძურისა" და იმ დროს ლონდონის ჩელსის საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის გზები სამუდამოდ გაიყარა. სერია ა-ს ჩემპიონებმა არ გამოისყიდეს 31 წლის ფორვარდი, თავად მან კი მოლაპარაკებები აწარმოა ტურინის იუვენტუსსა და მილანთან, ბოლოს კი იჯარით რომაში აღმოჩნდა. დღეს, "ბიგ რომი" უკვე ნაპოლის მოთამაშეა.
როდესაც ხოსეპ გუარდიოლას გაახსენეს "გველებთან" შეხვედრა, მან განაცხადა:
"ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი. რეალთან დავმარცხდით პენალტების სერიაში, დიახ, არ გაგვიმართლა. შარშანდელ ფინალში კი ლუკაკუმ 3 მეტრიდან ვერ გაგვიტანა. მისი დარტყმა რომ ზუსტი ყოფილიყო, შესაძლოა, ის მატჩი ვერც მოგვეგო.
აღარავინ იტყოდა, იმას თუ როგორი დიდებული გუნდი გვყავს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი კარგები ან ცუდები არიან მადრიდელები, იმავეს თქმა შემიძლია სიტისა და ინტერზეც. ასე მარტივად არ შეიძლება გუნდის ჩამოწერა ან გაღმერთება, ფეხბურთში შესაძლოა ნებისმიერმა მეტოქემ მოგიგოს, ეს კანონზომიერებაა", - აცხადებდა ესპანელი ტაქტიკოსი "სამეფო კლუბთან" წაგების შემდეგ.
ბელგიელი თავდამსხმელის გარდა, მილანური გუნდის იმდროინდელი შემადგენლობიდან აღარ არიან ედინ ჯეკო და ანდრე ონანა, მანჩესტერელთა ძირითადი 11-ეული კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. დღეს, "ნერაძურის" წინახაზში ლაუტარო მარტინესთან ერთად, ბრწყინავს უკვე არა რომი, არამედ მარკუს ტურამი.
ფრანგი თავდამსხმელი ძალიან კარგ ფორმაშია, თუმცა ამის მიუხედავად, "გველებმა" სერია ა-ში ქულების დაკარგვა უკვე ორჯერ მოასწრეს. რაც შეეხებათ "ქალაქელებს", ნისლიან ალბიონზე მათ აქვთ 100%-იანი შედეგი, 4/4 მოგება. ერთი სიტყვით, პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი ძალიან კარგ ფორმაშია, რასაც მეაცას ბინადრებზე ვერ ვიტყვით.
სიმონე ინძაგის გუნდის მდგომარეობას დიმარკოს ტრავმაც ამძიმებს. მის გარდა, "ლურჯებთან" შეხვედრაში ასევე არ იქნებიან მარკო არნაუტოვიჩი და ტეიჯონ ბიუკენენი. გუარდიოლას გუნდის დანაკლისი უმნიშვნელოა, ტრავმირებული მხოლოდ ოსკარ ბობია. ვნახოთ, ამჯერად რით დასრულდება ინტერისა და ეტიჰადელთა მატჩი.
პარის სენ-ჟერმენი V ჟირონა
ჩემპიონთა ლიგის მუდმივი, თუმცა უტიტულო ფავორიტი, დებიუტანტის წინააღმდეგ. ჟირონა ჩემპიონთა ლიგისთვის ნამდვილად სიახლეა, ისევე როგორც კილიან მბაპეს გარეშე მოთამაშე პარის სენ-ჟერმენი. მან უკვე მოასწრო "ბლანკოსის" რიგებში ბურთის გატანა, როგორც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ისე პრიმერასა და უეფას სუპერთასზე.
პსჟ ცდილობს იმის გარკვევას, არის თუ არა სიცოცხლე ფრანგი თავდამსხმელის წასვლის შემდეგ. ჩემპიონთა ლიგის სტარტი ამის დანახვის ძალიან კარგი საშუალება იქნება. ლიგა 1-ში ყველაფერი უცვლელად დარჩა: პარიზელებს 4/4 მოგება აქვთ და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მათი გამჩერებელი შიდა ჩემპიონატში არავინ იქნება.
ბრიუგე V დორტმუნდი
თავის პირველ შეხვედრას ჩაატარებს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტიც. შარშანდელთან შედარებით, დორტმუნდში კარდინალური ცვლილებები მოხდა. ბორუსიადან წავიდნენ კლუბის ლეგენდები: მარკო როისი და მატს ჰუმელსი, ასევე დამრიგებელი, ედინ ტერზიჩიც. მისი ადგილი ვესტფალიაში კარგად ნაცნობმა ნური შაჰინმა დაიკავა.
ბოლონია V შახტარი
კაშიას გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე თავის შეხვედრას დღეს ირაკლი აზაროვიც ჩაატარებს. შახტარის მოწინააღმდეგე იქნება ბოლონია, რომელიც უკანასკნელად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 60 წლის წინ იყო. საინტერესოა ის, რომ "როსობლუ" მაშინ მონეტის აგდების პრინციპით გამოვარდა.
რაც შეეხებათ დონეცკელებსა და მათ ქართველ მარცხენა მცველს, მას ძალიან ნაყოფიერი სექტემბერი გამოსდის. ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვედრის შემდეგ, "შავ-ყვითელთა" განაპირა მცველი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა, დღეს კი ის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც ითამაშებს.
სელტიკი V სლოვანი
დავუბრუნდეთ კაშიას, რომელიც 37 წლის ასაკში კარიერის საუკეთესო პერიოდს გადის. ის "ჯვაროსნებს" კაპიტნობდა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს კი ქართველი უკანახაზელი კიდევ ერთ ოცნებას აიხდენს და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს. ფავორიტად მოიაზრება სელტიკი, მაგრამ თავად ვეტერანი ცენტრბექის განცხადებით, სლოვანის მოთამაშეები შოტლანდიაში ზეწოლის გარეშე ითამაშებენ.
სპარტა V ზალცბურგი
90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში სპარტა ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობდა. იმის შემდეგ, ამ გუნდმა სადავეები დათმო, თუმცა გარდატეხა 2024 წელს მოხდა. პრაღელთა მეტოქე იქნება ზალცბურგი, რომელიც ევროსარბიელზე უკვე კარგად ნაცნობი ძალაა.
შეხვედრების განრიგი:
20:45 - ბოლონია-შახტარი;
20:45 - სპარტა-ზალცბურგი;
23:00 - მანჩესტერ სიტი-ინტერი;
23:00 - პსჟ-ჟირონა;
23:00 - ბრიუგე-დორტმუნდი;
23:00 - სელტიკი-სლოვანი.