ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი დაიწყო. მაყურებელმა ბაიერნი-ინტერისა და არსენალი-რეალ მადრიდის დაპირისპირებები იხილა. "ნერაძურიმ" გერმანული გრანდი 1-2 დაამარცხა, ხოლო მიკელ არტეტას გუნდმა სამეფო კლუბი სენსაციურად, 3-0 გაანადგურა.
ამასობაში, ჩემპიონატები მომდევნო სეზონში დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ — არსენალის დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ინგლისმა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში 5 გუნდი ოფიციალურად გაინაღდა. განახლებულ რეიტინგში პრემიერ ლიგას - 24.536 ქულა აქვს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 2025/26 სეზონში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 5 გუნდით წარსდგეს.
რეიტინგში მეორე ადგილზე, 21.678 ქულით, ესპანეთია (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი იტალია იკავებს, კერძოდ 20.187 ქულით. ინტერის დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, სერია ა-ს კოეფიციენტი საგრძნობლად გაეზარდა.
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.