დღეს გამოვლინდება ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი, ბაიერნ მიუნხენისა და პარის სენ-ჟერმენის დაპირისპირებაში. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ბაიერნი V პსჟ | 23:00
პირველი მატჩი დასრულდა პარის სენ-ჟერმენის გამარჯვებით, ანგარიშით 5:4. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უხვგოლიანი ნახევარფინალი 21-ე საუკუნეში. ამის გარდა, პირველად 1995-ის შემდეგ, ბაიერნმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 5 ბურთი გაუშვა. პსჟ-მდე ეს ამსტერდამის აიაქსმა გააკეთა.
"ლურჯ-წითლების" გამარჯვებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, ვინც მიუნხენური გუნდის კარში ორი გოლი გაიტანა. ქართველი ვინგერი 10 გატანილი ბურთითა და 5 ასისტით არის ლუის ენრიკეს ყველაზე შედეგიანი შეგირდი ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე.
ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც უსწრებს პარკ დე პრენსის ბინადრების შემტევს არის კილიან მბაპე - 15 გოლი, 1 საგოლე გადაცემა. იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდის რეალი აღარაა ტურნირზე, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ პარის სენ-ჟერმენის მე-7 ნომერმა ფრანგ ფორვარდს გადაასწროს.
ცხადია, 25 წლის შემტევი პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში "რეკორდმაისტერთან" განმეორებით მატჩშიც იქნება. რაც შეეხება დანაკლისს, ალიანც არენას მკვიდრებს არ ეყოლებათ სერჟ გნაბრი, ასევე საეჭვოა რაფაელ გერეიროსა და ლენარტ კარლის გამოჩენაც. "ლურჯ-წითლების" განკარგულებაში აშრაფ ჰაკიმი და ლუკას შევალიე არ იქნებიან.
ბოლოს კი ურთიერთმატჩების ისტორია - ცხრაჯერ იმარჯვეს ბაიერნის ფეხბურთელებმა, რვაჯერ - პარკ დე პრენსის ბინადრებმა. ამ გუნდებს შორის ფრე არასდროს დაფიქსირებულა. რაც შეეხება ფინალს, მიუნხენელებსა და პარის სენ-ჟერმენს შორის მოგებულს არსენალი ელოდება.








