გავლენიანი გამოცემა The Athletic საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ლიდერთან ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელ ინტერვიუს გვთავაზობს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალთან მატჩზე
"გიჟური თამაში იყო. ეს თამაში ყოველთვის დარჩება ფეხბურთის ისტორიაში და მოხარული ვარ, რომ ამ ფინალის მონაწილე ვარ."
მსოფლიო ჩემპიონატზე
"სიმართლე გითხრათ, მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ჩემი თანაგუნდელების თამაშებს ვუყურებდი. ხანდახან, მათ გამო ღამე არ მეძინა, რათა მატჩებისთვის მყურებინა. დემბელემ რომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, იმ მატჩსაც ვუყურე. ამას ჩვენ ისედაც ხშირად ვხედავთ ხოლმე და ეს არის ის დემბელე, როგორსაც ვიცნობთ."

ფაბიან რუისზე
"რუისი ძალიან დაუფასებელი მოთამაშეა, რადგან ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ესმის. არ მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ როცა ფეხბურთს უყურებ, ვერ ხედავ ბუსკეტს, მაგრამ როცა უყურებ ბუსკეტს, უყურებ ფეხბურთსო - ასეა ფაბიან რუისის შემთხვევაშიც. მატჩის მიმდინარეობას, ტემპს საოცრად აკონტროლებს და მაღალი დონის ფეხბურთელია."
ოქროს ბურთზე
"ვსაუბრობთ თუ არა გასახდელში ამ თემაზე? - ხანდახან. როცა პსჟ-ში მოვედი, ყველაფერი მოვიგეთ, დემბელემაც ოქროს ბურთი მოიგო, რის შემდეგაც მასთან მივედი და ვუთხარი, რომ ამ გუნდში იმიტომ მოვედი, რომ მას ოქროს ბურთისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავხმარებოდი (იცინის)."

მოგების შანსებზე
"ნებისმიერ ფეხბურთელს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, ინდივიდუალურ ჯილდოებზე მეტად მნიშვნელოვანი გუნდური წარმატებააო, ამიტომ არის ხალხი, ვინც გადაწყვეტს, თუ ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი"
იღბალი წინდებში
"როცა ნაპოლიში სადებიუტო მატჩი მქონდა, 35-ე წუთზე კუნთების სპაზმი დამეწყო. საკმაოდ სტრესული მომენტი იყო და გადავწყვიტე, წინდები დაბლა ჩამეწია. მალევე გოლი გავიტანე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს იღბალი იყო, ამის შემდეგ სულ ჩაწეული წინდებით ვთამაშობ."
საფირმო აღნიშვნაზე
"ეს აღნიშვნა კალათბურთიდან მოვიდა. მე და ჰაკიმი ერთად NBA-ს ვთამაშობდით, ერთ დღესაც მითხრა, რომ თუ გოლს გავიტანდი, მსგავს სტილში აღვნიშნავდი, ასეთ აღნიშვნას NBA-ს ბევრი მოთამასე აკეთებს და ჩვენი ტრადიციაც გახდა."

საქართველოზე
"ძალიან დიდი სიამოვნებაა, როცა ქართველი ახალგაზრდებისთვის მაგალითი ვარ, პასუხისმგებლობაცაა, რადგან როცა მოედანზე გადიხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო რომ მათთვის სამაგალითო იყო. ისეთი პატარა ქვეყნიდან ჩამოსვლა, როგორიც საქართველოა და წარმატებული თამაში, მათთვის მართლაც სამაგალითოა. მათ ვაჩვენებ, რომ თუ იოცნებებ და დაიჯერებ, ყველაფერი შესაძლებელია"

საუკეთესო ზედმეტსახელი
"ჩემთვის საუკეთესო ზედმეტსახელი "კვარადონაა". ამაყი ვარ, რომ ნაპოლიში ვთამაშობდი. როცა ამ ზედმეტსახელს მეძახიან, ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რადგან ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მადარებენ. რა თქმა უნდა, მარადონას ვერავინ შეედრება"
საფეხბურთო კუმირზე
"ჩემი საფეხბურთო კუმირი გუტია. მისი თამაშის სტილით უბრალოდ ვტკბებოდი, ამის შემდეგ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი გახდა."











