ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ, გასაკვირი არაა, რომ ქართველი მეკარის, ლუკა ხარატიშვილის მიმართ ინტერესი გაიზარდა.
ხარატიშვილი ამჟამად დინამო ბათუმის მეკარეა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ახალი გამოწვევების მოლოდინშია.
ხარატიშვილი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქულ ეიუსპორთან, თუმცა LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ტრანსფერი ჩაიშალა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ხარატიშვილიც, დინამო ბათუმიც და ეიუსპორიც ყველა დეტალზე შეთანხმებულები იყვნენ, ტრანსფერს წინ აღარაფერი ედგა და ქართველი მეკარე უკვე თურქეთში უნდა გაფრენილიყო, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიდა, მაგრამ ბოლო წამს კლუბმა გადაწყვეტილება შეცვალა და მიზეზად ფინანსური მხარე მოიყვანა.
არადა, ტრანსფერის ჩაშლიდან ზუსტად 3 დღეში ამ გუნდმა ბრაზილიელი მეკარე მარკოს ფელიპე დაიმატა. მოგეხსენებათ, ეიუსპორის ძირითადის მეკარე ბერკე ოზერი ლილიში გადავიდა. სამწვრთნელო შტაბი მის მთავარ შემცვლელად ხარატიშვილს მოიაზრებდა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, გადაწყვეტილება შეიცვალა და სხვა მეკარე იყიდეს.








