მაკლარენის გენერალურმა დირექტორმა, ზაკ ბრაუნმა, ლანდო ნორისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ყველაზე სწრაფი ახალგაზრდა მრბოლელია მათ შორის, ვინც უნახავს.
"ვფიქრობ, თანაბარ პირობებში ნორისი ვერსტაპენს დაამარცხებს - შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ლანდო ყველაზე სწრაფი ტალანტია, ვინც კი მინახავს" - აღნიშნა ბრაუნმა.
რამდენიმე დღის წინ, ლანდო ნორისმა ფორმულა 1-ის კარიერაში პირველი რბოლა მოიგო - მაიამის გრან პრიზე მაკლარენის 24 წლის ბრიტანელი მრბოლელი ყველაზე სწრაფი იყო და მეორე ადგილზე გასულ მაქს ვერსტაპენს 7,6 წამით აჯობა.
ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ლანდო ნორისს ფორმულა 1-ში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის სამეფო რბოლებში 2019 წლიდან ასპარეზობს და 110 გრან პრიზე აქვს მონაწილეობა მიღებული.