მადრიდის რეალის გარემარბი, ბრაჰიმ დიასი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებს. ფეხბურთელმა მაროკო აირჩია. ახალგაზრდა ვინგერი ძალიან მალე აიღებს ამ ქვეყნის მოქალაქეობას, რის შემდეგაც ის "ატლასის ლომების" ღირსების დაცვას შეძლებს. ესპანეთში დაბადებული ვინგერი, რომლის სრული სახელი არის ბრაჰიმ აბდელკადერ დიასი, მამის მხრიდან სწორედ მაროკოელია.
აღსანიშნავია, რომ "ბლანკოსის" გარემარბს "წითელ-მწვანეებში" თამაში სურდა ჯერ კიდევ განვლილ აფრიკის ერთა თასზე, თუმცა მან მოქალაქეობის მიღება ვერ მოასწრო. მაროკოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვალიდ რეგრაგის ძალიან ეიმედება 24-წლის ვინგერის და თავისი გუნდის ტაქტიკურად გადაწყობას ის სწორედ მის გარშემო გეგმავს.
"სამეფო კლუბის" 21-ე ნომერს ერთი შეხვედრა ესპანეთის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. ეს მოხდა 2021 წლის 8 ივნისს, ლიეტუვასთან ამხანაგურ თამაშში, რომელშიც ბრაჰიმმა ერთი ბურთიც გაიტანა. აქვე დავამატებთ, მილანიდან ბერნაბეუზე დაბრუნების შემდეგ, ვინგერმა მოასწრო 31 მატჩის ჩატარება და 8 გოლის გატანა.