ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი ჟორჟ მიქაუტაძე კარიერას ლიონში გააგრძელებს.
არადა, რამდენიმე დღის წინ, მიქაუტაძე მონაკოს შეუთანხმდა, თუმცა მოულოდნელად, ბევრი ფიქრისა და განხილვის შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა.
ზოგი მიქაუტაძის ამ გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევს, რადგან ამ ეტაპზე, მონაკო უკეთესი გუნდია და შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს, თუმცა არის სხვა ფაქტორები, რაც ჟორჟისთვის საკვანძო აღმოჩნდა.
ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ ჟორჟმა ფეხბურთის თამაში სწორედ ლიონში დაიწყო, პირველი ნაბიჯები იქ გადადგა და თითქმის ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ ერთ დღეს, ლიონში კვლავ ითამაშებდა, ამის შანსი კი ახლა მიეცა და ეს შანსი გამოიყენა.
მონაკოსგან განსხვავებით, ლიონს ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრობა აქვს. მეცში თამაშისას, მიქაუტაძემ ლიონის ყველაზე მტრულად განწყობილი გუნდის, სტ.ეტიენის წინააღმდეგ გატანილი გოლი, ლიონის პატივსაცემად, ლიონელების საფირმო ჟესტით აღნიშნა, რითიც მათი გული მოიგო.
გასაგებია, რომ ლიონი ევროპა ლიგაზეა, მონაკო ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ასე მხოლოდ წელს იქნება, რადგან გასული სეზონის მეორე ნახევარმა დაგვანახა, რომ ლიონს სერიოზული პროექტი აქვს, რომელიც მხოლოდ ერთ წელზე გათვლილი არ არის და გუნდს ძველი დიდების დაბრუნება სურს.
გასული სეზონის პირველი ნახევარი ლიონმა კატასტროფულად დაიწყო და გასავარდნ ზონაში იყო. ახალგაზრდა სპეციალისტის, პიერ სეჟის მისვლის შემდეგ, გუნდმა იმდენი ქნა, რომ მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. ამ სპეციალისტს აშკარად აქვს პერსპექტივა, რომ კიდევ უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს, რადგან მეორე ნახევარში ლიონმა თამაშის ხარისხიც გამოასწორა.
აიაქსმა კინაღამ ჟორჟის კარიერა დაანგრია. ამის გათვალისწინებით, ქართველ ფორვარდს იმავე შეცდომის განმეორება არ სურს და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას იქ ათამაშებენ, სადაც თამაში ყველაზე კარგად გამოსდის. ლიონის სათამაშო სქემა კი მიქაუტაძის სტილს იდეალურად ერგება.
რაც შეეხება მეცს, ამ გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად წავიდოდა მათი მთავარი ლიდერი, რადგან სატრანსფერო პირობები ორივე გუნდისგან თითქმის იდენტური იყო, ამიტომ ეს გადაწყვეტილება 100%-ით ჟორჟის მიღებულია.