სასუოლოს ლიდერისთვის, დომენიკო ბერარდისთვის, მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია. ამის გარდა, ის მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატსაც გამოტოვებს. მიზეზი კოჭის დაზიანებაა, რომელიც იტალიელმა ვინგერმა ვერონასთან მატჩში მიიღო. ტრავმა იმდენად სერიოზული გამოდგა, რომ "ნეროვერდის" შემტევმა თამაშის გაგრძელებაც ვერ მოახერხა.
29 წლის გარემარბის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს. რაც შეეხებათ, "შავ-მწვანეებს", სერია ა-ში ჩატარებული 27 ტურის შემდეგ, ისინი 20 ქულით მე-19 პოზიციამდე ჩამოქვეითდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ემილიელებს ამ სეზონში აღარ ეყოლება თავისი 10-იანი და მთავარი ფეხბურთელი, არაა გამორიცხული, რომ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.
ბერარდი მაპეიზე 2012 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში 370 შეხვედრაში, 142 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, 27 მატჩი და 8 ბურთი. როგორც აღვნიშნეთ, კოჭის დაზიანების გამო, იტალიელი ვინგერი ევრო 2024-საც გამოტოვებს. ცხადია, ლაზარეთიდან უფრო ადრე დაბრუნების თეორიული შანსიც არსებობს.