კატალონიის ბარსელონა ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. ჰანსი ფლიკმა პრე-სეზონი უკვე დაიწყო, დეკუ და მისი გუნდი კი ტრანსფერეზე მუშაობას აგრძელებენ და როგორც ესპანურ პრესაში იწერება, კლუბმა ნიკო უილიამსის ტრანსფერზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. ფლიკის გუნდისთვის ახალგაზრდა ესპანელი #1 სამიზნეა.
ბილბაოს ატლეტიკის 22 წლის შემტევი ფეხბურთელი, ახალი გამოწვევისთვის ემზადება და როგორც ცნობილია, ესპანელ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება სწორედ ბარსელონაში სურს. მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა, კერძოდ €58 მილიონი, რაც დღევანდელი ფასებით, საკმაოდ დაბალი თანხაა. ნიკოს ძალიან კარგი 2023/24 სეზონი ჰქონდა, რასაც ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები პერფორმანსიც ემატება, შესაბამისად, €58 მილიონი ასეთი დონის ფეხბურთელისთვის, საკმაოდ მისაღები ფასია.
"ძალიან მალე ბარსელონა ფინანსურად ისეთ მდგომარეობაში იქნება, რომ ნიკო უილიამსის გამოსასყიდი თანხის გადახდა, მათთვის პრობლემა აღარ იქნება", - განაცხადა ხავიერ ტებასმა, ლა ლიგის პრეზიდენტმა.
კატალონიური გუნდი ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტზეა, მომდევნო კვირაში კი მხარეები ტრანსფერის დახურვას შეეცდებიან.