ლა ლიგის 23-ე ტურში ბარსელონამ სტუმრად სევილია 4:1 გაანადგურა. აღნიშნული შეხვედრა სამუდამოდ დაამახსოვრდება ფერმინ ლოპესს, რომელმაც 16 წუთის შუალედში მოასწრო მოედანზე შემოსვლა, ბურთის გატანა და წითელი ბარათის მიღებაც. ეს ყველაფერი 46-62 წუთების შუალედში მოხდა.
ესპანელი შემტევი ნახევარმცველის გარდა, "თეთრ-წითლების" კარი აიღეს რობერტ ლევანდოვსკიმ, რაფინია ბელოლიმ და ერიკ გარსიამ. "ბლაუგრანა" ანდალუსიელებთან მოგებით აგროვებს 48 ქულას, რითაც მადრიდელ კონკურენტებთან, რეალსა და ატლეტიკოსთან სხვაობას მინიმუმამდე ამცირებს. პრიმერა დივიზიონის ლიდერებს 50-49 ქულები აქვთ.