იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა შემტევმა, რობერტო ბაჯომ გაიხსენა შემთხვევები, როდესაც მას სერია ა-ს დატოვება შეეძლო. მისი ტრანსფერით დაინტერესებული იყო არაერთი ტოპ კლუბი, მათ შორის მადრიდის რეალი და ბარსელონაც. იტალიელმა ტრექუარტისტამ ისინი უარით ეროვნული გუნდის გამო გაისტუმრა.
"მქონდა არაერთი შემოთავაზება, მათ შორის რეალიდან და ბარსელონადან, თუმცა უარი ვთქვი. ამის მიზეზი იტალიის ნაკრები იყო. ალბათ იკითხავთ - რა კავშირშია ევროპის ტოპ კლუბში გადასვლა ეროვნულ გუნდთან? ჩემს დროს ასე იყო: როდესაც ტოვებდი ქვეყანას, ნაკრებში მოხვედრის შანსებს მნიშვნელოვნად იმცირებდი.
არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ გუნდში გადადიოდი, პრიორიტეტულებად ითვლებოდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც შიდა ჩემპიონატში თამაშობდნენ. ჩემთვის კი პირველ ადგილზე სწორედ ეროვნული გუნდი იყო", - განაცხადა "სკუადრა აძურას" ყოფილმა ტრექუარტისტამ, რომელმაც თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად 1994 წლის მუნდიალის ფინალს მიაღწია.