ბუნდესლიგის 23-ე ტურის ფარგლებში, მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ კედლებში რედ ბულ ლაიპციგი მიიღო, რომელიც ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერს" ამ მატჩამდე ჰქონდა 3-თამაშიანი მოუგებელი სერია და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ სიას მეოთხე წარუმატებელი შეხვედრაც დაემატებოდა.
საქმე ისაა, რომ 91-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო, ჰარი კეინის გოლს ბენიამინ შეშკომ უპასუხა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ბავარიამ "წითელი ხარები" მაინც მოარჯულა. 3 ქულის მომტანი ბურთი საქსონელთა კარში ისევ და ისევ ინგლისელმა ფორვარდმა გაიტანა და დუბლიც შეასრულა. მარკო როზეს შეგირდებმა თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს.
ლაიპციგთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ალიანც არენას ბინადრებს 53 ქულა დაუგროვდათ. ისინი მეორე ადგილზე რჩებიან, ლიდერი კი ლევერკუზენის ბაიერია, რომელთანაც ჩამორჩენა 8 ქულას შეადგენს.