მიუნხენის ბაიერნს კიდევ ერთმა მწვრთნელმა უთხრა უარი -
უნაი ემერი და ასტონ ვილა ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ესპანელი სპეციალისტი ბირმინგემულ კლუბთან ხელშეკრულებას 2027 წლამდე გაახანგრძლივებს. მას შემდეგ, რაც იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დარჩენა გადაწყვიტა, მიუნხენური გუნდი ემერის ვარიანტზე სერიოზულად ფიქრობდა, თუმცა, როგორც ჩანს, "რეკორდმაისტერის" პოტენციური მწვრთნელების სია, კიდევ უფრო შემცირდა.
სიაში რობერტო დე ძერბი და რალფ რანგნიკი რჩებიან. იტალიელ სპეციალტზე უკვე ბევჯერ დავწერეთ, მისი შესაძლებლობები ბაიერნში ძალიან მოსწონთ, თუმცა 44 წლის მწვრთნელს, დიდი გამოცდილება ზურგს არ უმაგრებს, შესაბამისად, ბაიერნში მის კანდიდატურაზე ჯერ კიდევ ფიქრობენ.
რაც შეეხება რალფ რანგნიკს - 65 წლის გერმანელი, ამჟამად ავსტრიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელია, თუმცა ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ, დიდი შანსია ნაკრები დატოვოს და საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდეს, ბაიერნში კი მის ვარიანტზე დიდი ხანია ფიქრობენ - რანგნიკის გამოცდილება და მენეჯერული ხედვები, მიუნხენური გუნდისთვის საკმაოდ მისაღებია.
ბაიერნში მომავალი სეზონის დაგეგმვა უკვე დაიწყეს, შესაბამისად, ახალი მწვრთნელის დანიშვნა უახლოეს პერიოდიში იგეგმება.