მიუნხენის ბაიერნი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. გერმანელები ზაფხულში საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვას და გუნდის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავენ. იმის მიუხედავად, რომ იულიან ნაგელსმანმა ბაიერნს უარი განუცხადა, გუნდი სხვა კანდიდატებზე გადაერთო. სიაში რამდენიმე ვარიანტია: რალფ რანგნიკი, რობერტო დე ძერბი, უნაი ემერი და ზიდენიდ ზიდანი (ბოლომდე გადამოწმებული ინფორმაცია არ არის). განიხილება ასევე ტომას ტუხელის დატოვებაც, თუმცა ამის შანსი დღეს საკმაოდ დაბალია.
ახალი მწვრთნელის გარდა, გუნდი რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას გეგმავს - ბაიერნისთვის პრიორიტეტული ცენტრალური მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის დამატება იქნება, აქ კი ბარსელონას ორ ფეხბურთელამდე მივდივართ: რონალდ არაუხო და ფრენკი დე იონგი.
არაუხოს მიმართ ინტერესი ახალი ამბავი არაა. ბაიერნის უფროსობა ურუგვაელი მცველით უკვე ერთ წელზე მეტია დაინტერესებულია, თუმცა 25 წლის მცველის დამატება არც წინაზე იყო მარტივი და არც მომავალში იქნება. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ფეხბურთელს ბარსელონას დატოვება არ სურს, მისი სატრანსფერო ფასი კი €100 მილიონზე მეტია, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა.
რაც შეეხება ფრენკი დე იონგს, ბარსელონა ფეხბურთელის გაყიდვას ფინანსური პრობლემების გამო, წინა წელსაც ცდილობდა, თუმცა ფეხბურთელის მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერი, ბოლო მომენტში ჩაიშალა. როგორც ჩანს, ნიდერლანდელი ხელშეუხებელი არც მომდევნო ზაფხულში იქნება. ფრენკის სატრანსფერო ფასი €70 მილიონამდეა. 26 წლის ნახევარმცველს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე საუბარი კი, მხარეებს შორის ჯერ არ დაწყებულა. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელს, ლევანდოვსკისთან ერთად, ბარსელონაში ყველაზე დიდი ხელფასი აქვს. ბაიერნში დე იონგის დამატებას ზაფხულში სერიოზულად განიხილავენ.