უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის დასრულდა. შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა, რასაც ლოგიკური დასასრული მოჰყვა. მატჩი საბოლოო ჯამში 6-1 დასრულდა. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა:
"არ ვიტყვი, რომ რთული თამაში გამოვიდა, მარტივად გავიმარჯვეთ დღეს. აუცილებლად უნდა დავრჩენილიყავით B დივიზიონში, რადგან აქ უფრო კონკურენტუნარიანი მეტოქეები გვეყოლება და უფრო გავიზრდებით მათთან თამაშით.
ჩემი აზრით სომხეთის ნაკრები არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, უკეთესად შეეძლოთ თამაში და ჩვენც კარგად ვიყავით შეთამაშებულები. ბიჭებს შეტევაში, რომ ვუყურებდი, სიამოვნებას ვიღებდი."