დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს გამართავს. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ათენში, საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და ორივე გუნდისთვის სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს ნაკრები მატჩს ექვსგუნდიანი ჯგუფის მესამე პოზიციიდან ხვდება. რვა ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს ხუთი გამარჯვება აქვს და უშუალო კონკურენტებთან ბრძოლაში პოზიციების შენარჩუნება სჭირდება. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს, შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ ორი გამარჯვება ესაჭიროება.
ჯიკიჩის გუნდს საბერძნეთთან დაპირისპირებაში NBA-ში მოთამაშეები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ვერ დაეხმარებიან. სამაგიეროდ, ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია უკვე შეუერთდა და სათამაშოდ მზადაა.
საქართველოს ნაკრების განაცხადი:

მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კალათბურთელი, ნიკ კალატესი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, თუმცა ვასილის სპანულისის განკარგულებაში საკმაოდ ძლიერი და მოტივირებული შემადგენლობაა. საბერძნეთისთვის საკუთარ მოედანზე გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან უშუალო კონკურენტ საქართველოსთან მარცხი ჯგუფში მდგომარეობას საგრძნობლად გაურთულებს.
ვასილის სპანულისი (საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი): "წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის, თუმცა, ამჟამად მთელი ყურადღება საქართველოსთან მატჩზე გვაქვს გადატანილი. ესპანეთზე მოგვიანებით ვიფიქრებთ. მინდა, ყველამ გააცნობიეროს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თამაშს. საქართველოსთან გამარჯვება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ესპანეთთან საკუთარ მოედანზე გამართულ შეხვედრაში. იმ გამარჯვებამ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გაგვიძლიერა და დაგვანახა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ნამდვილად შეგვიძლია“.
საბერძნეთის ნაკრების განაცხადი:

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირება ათენში, OAKA-ს ოლიმპიურ დარბაზში გაიმართება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.











