ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მორიგი მატჩები გაიმართა გერმანიასა და ესპანეთში, სადაც მაყურებელმა შახტარი-ატალანტასა და ჟირონა-ფეინოორდის დაპირისპირებები იხილა. უკრაინულმა გუნდმა ატალანტას ნეიტრალურ სტადიონზე უმასპინძლა, კერძოდ ფელტინს არენაზე. ამ შეხვედრაში ფავორიტი ატალანტა იყო, რაც ლოგიკურად ანგარიშშიც აისახა. ჯან პიერო გასპერინის გუნდმა მეტოქე 0:3 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა.
იტალიელთა მხრიდან თავი ბერატ ჯიმსიტიმ, ადემოლა ლუკმენმა და რაულ ბელანოვამ გამოიჩინეს. შახტარის რიგებში თამაშის საშუალება არ მისცემია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ირაკლი აზაროვს.
ამ გამარჯვებით ატალანტამ 4 ქულის მოგროვება მოახერხა, შახტარს კი ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს.
მეორე მატჩი გაიმართა კატალონიაში, სადაც მაყურებელმა საოცრად დაძაბული შეხვედრა იხილა. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, თუმცა გამარჯვება მაინც სტუმარ გუნდს დარჩა — ნიდერლანდელებმა 2:3 გაიმარჯვეს.
ამ გამარჯვების შემდეგ, როტერდამულმა კლუბმა პირველი 3 ქულის მოპოვება მოახერხა, ხოლო ჟირონა კვლავ გამარჯვების გარეშე რჩება.