როგორც მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის მეშვიდე ტურში მანჩესტერ იუნაიტედი გლაზგო რეინჯერსს დაუპირისპირდება. აღნიშნული გუნდები ერთმანეთს ისტორიის განმავლობაში 4-ჯერ დაპირისპირებიან: "წითელმა ეშმაკებმა" მოიგეს 3-ჯერ, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა. პირველი შეხვედრა 2003/04 წლების სეზონში გაიმართა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
"მანკუნიანელების" მხრიდან ორრაუნდიან დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღეს როი კინმა, რაიან გიგზმა, პოლ სქოულზმა, რიო ფერდინანდმა, დიეგო ფორლანმა და სხვებმა. სერ ალექს ფერგიუსონის განკარგულებაში ასევე იყო 18 წლის კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ბრიტანულ გრანდში სადებიუტო სეზონს ატარებდა.
"დათუნიების" შემადგენლობაში კი ბრწყინავდნენ შოთა არველაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მიკელ არტეტა, პაოლო ვანოლი და სხვები. რაც შეეხება პირველი მატჩის მიმდინარეობას: "ოცნებათა თეატრის" ბინადრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, ფილ ნევილის გატანილი ბურთით. მე-2 თამაშში კი მრისხანე მეტოქემ "ლურჯები" 3:0 გაანადგურა.
დუბლი გაიფორმა რუდ ვან ნისტელროიმ, ერთი გოლიც ფორლანმა გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ექვსი შეხვედრის შემდეგ, აიბროქსის ბინადრებმა დაიკავეს მე-4 პოზიცია, პლეიოფში გასვლა კი, მანჩესტერთან ერთად, შტუტგარტმაც შეძლო. ჯგუფის მესამეადგილოსანი პანათაინაიკოსი უეფას თასზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ იმ სეზონის შემდეგ, ქართულ დუეტს ლიგაზე აღარ უთამაშია.