არტეტას ხელმძღვანელობით არსენალმა პრემიერ ლიგა კიდევ ერთხელ ვერ მოიგო, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ გუნდს ნომინალური ფორვარდი/ცხრიანი არ ჰყავს. გაბრიელ ჟესუსი ბევრს ტრავმიანობს და მას ფორვარდს ნაკლებად თუ ვუწოდებთ, ედი ნკეტიამ კი არტეტას ნდობა სრულიად დაკარგა და ზაფხულში გუნდს დატოვებს. ბოლო ტურებში ფორვარდის პოზიციაზე კაი ჰავერცი დადგა, თანაც საკმაოდ კარგად, თუმცა გუნდს, რომ გამტანი ცხრიანი სჭირდება, ამაზე ყველა თანხმდება.
არსენალი ზაფხულში ახალ ფორვარდს აუცილებლად დაიმატებს, სიაში კი რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელს ვხვდებით: ვიქტორ ოსიმენი, ვიქტორ გიოკერესი, ჯოშუა ზირკზე, ალექსანდერ ისაკი, ბრაიან ბრობი, აივან ტოუნი.
ამ სიიდან 3 ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უწერია:
ოსიმენი €130 მილიონი;
გიოკერესი €100 მილიონი;
ზირკზე €40 მილიონი;
რაც შეეხება ისაკს, ბრობისა და ტოუნის, შვედის სატრანსფერო ფასი €90 მილიონზე მეტია, აიაქსის ფორვარდი €40-50 მილიონად არის შეფასებული, ხოლო ბრენტფორდის ინგლისელი შემტევის ფასი, მინიმუმ, €80 მილიონია.
ამ მომენტისთვის უცნობია აღნიშნული სიიდან რომელი ფეხბურთელია არტეტასთვის პრიორიტეტული, თუმცა ყველა მათგანის მიმართ ინტერესი, დადასტურებულია.