რეალ მადრიდში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. როგორც ცნობილი ხდება, კილიან მბაპე უკმაყოფილოა მთავარი მწვრთნელის, ალვარო არბელოას გადაწყვეტილებით, რომელმაც ფრანგი ვარსკვლავი რეალ ოვიედოსთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა.
ფრანგმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში არბელოას გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა — "100%-ით მზად ვიყავი. არ ვითამაშე, რადგან მწვრთნელისთვის ფორვარდის პოზიციაზე მეოთხე არჩევანი ვარ."
მატჩის მიმდინარეობისას მბაპეს სანტიაგო ბერნაბეუზე გულშემატკივრების მხრიდან სტვენაც შეხვდა. მიზეზად მისი ბოლო პერიოდის ქცევა და არასახარბიელო ფორმა სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს ფანებიც აკრიტიკებენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრავმის პერიოდში მეორე ნახევართან ერთად იტალიაში იმოგზაურა.
თავის მხრივ, არბელოამ კატეგორიულად უარყო, თითქოს მბაპესთვის "მეოთხე ფორვარდი“ ეწოდებინა.
"მე არ მითქვამს, რომ მბაპე გუნდის მეოთხე ფორვარდია.
სანამ რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელი ვარ, ითამაშებს ის, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი — მნიშვნელობა არ აქვს, ვისზეა საუბარი."
ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებებს თავად იღებს და მოედანზე ყოველთვის ის ფეხბურთელი ითამაშებს, ვინც კონკრეტულ მომენტში საუკეთესოდ მიაჩნია. ასევე აღნიშნა, რომ მოთამაშე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ელ კლასიკოსთვის მზად არ იყო, ასეთ მოკლე დროში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა (საუბარი რა თქმა უნდა კილიან მბაპეზეა).
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რეალ მადრიდის გასახდელში დაძაბულობა იზრდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, გუნდში უკვე არსებობს უთანხმოება როგორც ფეხბურთელებს, ისე სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებს შორის.








