ვეტერანი ბორჯღალოსანი აქვსენტი გიორგაძე, რომელმაც მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ დიდი სამწვრთნელო გამოცდილება შეიძინა, ქართულ რაგბს დაუბრუნდა. ის საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორის კონსულტანტია საფრანგეთში.
ქუთაისის "აიას" აღზრდილმა მორაგბემ მოთამაშის კარიერის დიდი ნაწილი ისეთ კლუბებში გაატარა, როგორებიც ფრანგული "ტულონი" "კასტრი" და "ტულუზა", ასევე იტალიური "როვიგო" არიან.
საქართველოს ნაკრებში მისი დებიუტი 20 წლის ასაკში, 1996 წელს ჩეხეთთან შედგა. ჯამში მან 64 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო გაიტანა.
2012 წლიდან აქვსენტი გიორგაძემ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და 3 წლის განმავლობაში, პარალელურ რეჟიმში, კვაჭებისა და აუტის მწვრთნელი იყო როგორც "ტულუზას" აკადემიაში, ასევე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. 3 წლის შემდეგ ის "ლა როშელში" გადაბარგდა და ჯერ აუტის სპეციალისტი იყო, მერე მორკინალების მწვრთნელი გახდა და ამ გუნდში 6 წელიწადი გაატარა.
ერთწლიანი დასვენების შემდეგ გიორგაძემ სამხრეთ აფრიკას მიაშურა და 2 წელი "შარქსის" მორკინალების მწვრთნელი იყო, ბოლოს კი ‘ბორდოს’ მორკინალებს წვრთნიდა.
რა იქნება აქვსენტი გიორგაძის მოვალეობა ახალ პოზიციაზე? ამის შესახებ ის თავად გვიყვება:
“ჩემი ფუნქციაა საქართველოს ეროვნული, 20 და 18-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელებთან კოორდინაცია. უნდა ავღწერო საფრანგეთის ტოპ 14-ის, პრო დე2-ისა და ნაციონალ დივიზიონის კლუბებში, ასევე მათ ესპუარებში მოთამაშე ქართველი მოთამაშეები და განვახორციელო მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა მოხდეს საუკეთესოების შერჩევა. ფრანგულ გუნდებთან მექნება მუდმივი კომუნიკაცია და მოვახდენთ მათთან ჩვენი ნაკრები გუნდების გეგმების შეთანხმებას, რათა მოთამაშეთა გამოძახების კუთხით პრობლემები არ შეიქმნას. მე მწვრთნელებს მივაწვდი ინფორმაციას მოთამაშეთა ტრავმების, სათამაშო ფორმის, ფსიქოლოგიური პორტრეტის შესახებ და მერე არჩევანს თავად მწვრთნელები გააკეთებენ”.
„დიდი ხანია საფრანგეთში ვმოღვაწეობ და თუ არის იმის შანსი, რომ ეს დაგროვილი გამოცდილება ქართულ რაგბს მოვახმარო, ამას აუცილებლად გავაკეთებ. ჩემი სურვილია, რომ დავეხმარო ახალგაზრდა მოთამაშეებს განვითარებაში, ასევე გავხსნა შესაძლებლობები ქართველი მწვრთნელებისთვის, რომ მათ ქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ფრანგ კოლეგებთან. ნელ-ნელა ალბათ ყველა დავბრუნდებით ქართულ რაგბში და სიამოვნებით გავუზიარებთ ადგილობრივ სპეციალისტებს ჩვენს გამოცდილებას“.











