საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კრაიოვას 23 წლის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა, რუმინეთის სუპერლიგის ბოლო ტურში, მძიმე დაზიანება მიიღო. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყებოდა, მექვაბიშვილის დაზიანება საკმაოდ სერიოზული იყო და ექიმები ჯვარედინი მყესების გაწყვეტაზეც კი საუბრობდნენ, თუმცა საბედნიეროდ, ქართველი ფეხბურთელის დაზიანება ასეთი სიმძიმის არ აღმოჩნდა. მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ მყესების გაწყვეტა არ აჩვენა.
ჩვენი ინფორმაციით, მექვაბიშვილი ტრავმის გამო მხოლოდ თვენახევარს გამოტოვებს. 23 წლის ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს მალე დაიწყებს, რაც დაახლოებით 6 კვირას გასტანს.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც ერთი გოლის გატანა მოახერხა.