ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ კილიან მბაპეს დებიუტი მადრიდის რეალის რიგებში 14 აგვისტოს შედგება, უეფას სუპერთასის შეხვედრაში ბერგამოს ატალანტასთან. ფრანგი ფორვარდი პრესეზონზე არ იმყოფებოდა "სამეფო კლუბთან" ერთად, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი ინტეგრირება მთავარ გუნდში მარტივად ხდება.
"ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა კიდეც, რომ "ლა დეასთან" შეხვედრაში გუნდის ახალწვეული ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იქნება, ისევე როგორც ჯუდ ბელინგემი. ორივე მათგანი იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში გასული ოთხშაბათიდან არიან.
ესპანურმა პრესამ კი პარალელი გაავლო სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების ახალ ცხრიანსა და ტონი კროოსს შორის - ორივე ფეხბურთელის დებიუტი ერთმანეთის მსგავსია. გერმანელი გამთამაშებელი რეალს 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა, მუნდიალის მოგების შემდეგ. "დონატელოს" მსგავსად, მადრიდელთა პრესეზონზე არც მიუნხენის ბაიერნის აღზრდილი შუახაზელი ყოფილა.
"სამეფო კლუბის" მერვე ნომრის დებიუტი, ასევე სუპერთასზე შედგა, სევილიას წინააღმდეგ. ის შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორების მოგებით დასრულდა, ანგარიშით 2:0. "ბლანკოსის" მხრიდან დუბლი გაიფორმა კრიშტიანუ რონალდუმ, კროოსმა კი იმ მატჩში შეუცვლელად ითამაშა. რა მოხდა შემდეგ? - ეს უკვე ისტორიის ნაწილია.