მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ თავისი ამჟამინდელი შეგირდი, ჯუდ ბელინგემი თავის ყოფილ შეგირდს, რიკარდო კაკას შეადარა. პირველად, ბრაზილიელ და ინგლისელ გამთამაშებლებს შორის პარალელი ალესანდრო კოსტაკურტამ გაავლო, რომელსაც შემდეგ იტალიელი სპეციალისტიც დაეთანხმა.
"ვეთანხმები კოსტაკურტას - კაკასა და ბელინგემს შორის მსგავსება ნამდვილად არსებობს. სხვაობას ვხედავ მხოლოდ იმაში, რომ ფეხბურთი შეიცვალა, ისევე როგორც თვითონ შემტევი ნახევარმცველის პოზიცია. დღეს, გამთამაშებლები უფრო მრავალფუნქციურები და გოლებზე უფრო მეტად ორიენტირებულები არიან", - განაცხადა "ბლანკოსის" დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი კაკასთან 2003-2009 წლებში მუშაობდა. მათმა თანამშრომლობამ მილანს 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი მოუტანა. რაც შეეხება 20 წლის გამთამაშებელს, ის "სამეფო კლუბში" გადმოვიდა მიმდინარე სეზონის დაწყების წინ. საერთო მონაცემებით მის ანგარიშზე, 30 მატჩში, უკვე 20 გოლია.